პორტრეტი

თავბრუდამხვევი იყო წამები!
როგორც მხურვალე კოცნა პირველი,
მე სიყმაწვილეს არ ვეწამები:
რომ იყო ცივი და გამწირველი.

მე არა ერთხელ მინახავს ვაჟი,
რომელიც მღერის ცეცხლის მოდებით,
ცისფერ ხომალდით მისცურავს ზღვაში,
ზღვა კი გრიალებს თავგამოდებით.

და ვენახები, მოსილი ვაზით,
საწნახელების ლურჯი ნავებით.
ვაჟი, რომელიც ღვინოს სვამს თასით,
თასი კი ელავს საწამლავებით.

თქვენ არაერთხელ ისმენდით ამბავს
ვაჟისას, ღამით რომ არ იძინებს,
სიგიჟით ყნოსავს ვარდებს და ზამბახს,
სადაც ღამე და გველი სისინებს.

ო, ვინ გაიგებს გაუგებარ დარდს,
ფიქრებს მღელვარეს, ვნებას მდუღარეს;
ვაჟი, რომელიც გულზე იბნევს ვარდს,
ანდა მუსიკას ისმენს მწუხარეს.

ის, ახალგაზრდა, მიდის სცენაზე,
მაგრამ მეორე ფანჯარას აღებს
და გადაჰყურებს გამოფენაზე
მთვარით დაფერილს მინდვრებს და ბაღებს.

მას წყევლად მისდევს აგერ მრავალი
ხელების ფენა და ტაშისცემა,
მისი ცხოვრება გარდამავალი,
უუნაზესი არის პოემა.

ეხლა ის მიჰქრის შიშველი ხმალით!
მეორე ეძებს სიცოცხლის ძალას,
მაგრამ მოკლული ოცნებით მალით
დასცქერის წიგნს და ხმელ თავის ქალას.

ცხოვრება გასწყრა და გაალქაჯდა,
მინდვრებში გატყდა ოცნება მწყემსის,
ის ბორკილებში ზის, ახალგაზრდა,
ის, ახალგაზრდა, ციხეში კვნესის.

ან მოწამლული დაეცა ბაღში,
ან თავის მკვლელი იღებს რევოლვერს.
და მხოლოდ ღამე თავის წიაღში
საიდუმლოსთვის იწვევს ორივეს.

ეხლა ის მიჰქრის ხრიოკზე ცხენით,
შუბლი მოცული აქვს მღვრიე აზრით.
ის გადისროლა მერანმა წყენით
და ბილიკებზე მიათრევს ბაწრით.

იგი სვამს ღვინოს, ვით ქარს და წვიმას,
მზე კვლავ უყვარდა, გზა არ დაღლოდა.
მოშორდა თოვლებს, გასცდა ცუსიმას
და ბარიკადებს მიუახლოვდა.
კომენტარები (0)