სალამი მაისს
ვით არ ვადიდო ქვეყანა ჩემი, დროშით რომ ხვდება დღეს უზენაესს. მოიწევს, როგორც ღელვის დროს გემი, მსოფლიოს ხმებით: სალამი მაისს! ცა უსავსესი სიალით ბრწყინავს, მაისის ნაზი მოდის სურნელი, რაც ვარდი ყინვას გადაუყინავს - გაზაფხულია მისი მკურნალი. გაჰქრა ზამთარი გულგამყინველი მკვლელი სითბოსი, ალერსის, ფერის... ხმოვან სიმღერას მღერის ფრინველი, იგი ბუნების აღდგომას მღერის... მაისთან ერთად შენც იგრძენ, გულო, ახალგაზრდობა ჩემის მამულის, მისი დღეები, საგაზაფხულო - გამოღვიძების და ჟრიამულის. შეიგრძენ ველთა აყვავილება, შეიგრძენ ტყეთა შრიალის გრძნობა, როგორ იზრდება, როგორ იშლება ბრძოლის წყურვილი და ნებისყოფა. იმღერე კაცთა დიდი მიზანი, დიდი კავშირი შრომის, მშვიდობის, იმღერე ვარდნი მაისისანი სიყვარულისა და ერთა ძმობის. პირველ მაისის საბრძოლო ხმებთან ცხოვრობს მსოფლიოს ხმა განუყრელად, უკვდავ იდეათ გამარჯვებებთან მიდის მაისი გზაგანუხრელად. მივცეთ მხარი მხარს, მივცეთ ხელი ხელს, დედამიწაზე იმედთა მფენი - პირველ მაისის აყვავებულ დღეს მოწოდების ხმა გაისმის ჩვენი: რომ გრძნობა იგი - ბრძოლით ახალჰყო, გამარჯვების მზეს მოეფერები, რომ გაიშალა ფრონტი სახალხო, რომ საბრძოლველად აღსდგნენ ერები. ერთად წავიდეთ, ძმაო და ტოლო, სოლიდარობა რომ გავამეფოთ - პროლეტარებო, დრო არის, ბოლო მოეღოს ხალხის ამდენ წამებას! ოქტომბრის გრიგალს რომ შეეჩვია კაცობრიობის გზის პატრონობა - ამაოდ ხომ არ შეურყევია ათასწლოვანი ჩაგვრა-მონობა? თვალუწვდენელი იმპერიების გზა სისხლიანი, მზის ჩასვლის ჟამის, ომის შეტევა - მოგერიების, სიკვდილისა და სიბნელე-ღამის. სივრციდან მალე გამოანათებს, დამაბრმავებელ დღის ელვარება! ის თავზარს დასცემს ბნელ მუხანათებს, ის გამარჯვებით გაეჩქარება. მთელს მსოფლიოში „პროლეტარებო, ყველა ქვეყნისა, შეერთდით!“ - ისმის. ამ სიტყვას სიტყვა არ ედარება - რომ სამაისოდ ათბობდეს ვისმეს. ამ სიტყვებშია მომავლის ძალი, შემარყეველი კიდით-კიდესი, მათში მარადი ფეთქს იდეალი, და იდეალი უუდიდესი! ის ხატებაა სვლის დაუცხრომლის და შეტევების! ხალხი კი ახლა ოკეანეა, ტალღები, რომლის იდეალს სწევენ მაღლა, სულ მაღლა! არვის არ ძალუძს, რომ ჩვენი აზრი სავანეს მისცეს შავს, უსადგუროს, არვის არ ძალუძს, რომ ჩვენი ბასრი სიტყვა, მძლე სიტყვა გაანადგუროს! ფაშიზმს სისხლიანს არა აქვს ეშხი - ჩააქროს გულთა ღელვა მრისხანე: არვის არ ძალუძს, საპყრობილეში რომ მოათავსოს ის ოკეანე... მძლავრო ტალღებო, სვლა გაახელეთ, ხომალდს - მტრის ხომალდს დაეჯახენით; თავისუფლების უკვდავ სახელით, სამართლიან მზის უკვდავ სახელით, დღეს, სამამულო ომის ფიცხელ დღეს მაისის ისმის ხმა მოწოდების, ერთი დროშის ქვეშ რათა შეერთდეს - პროლეტარები ქვეყნის ყოველის!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი