სასიკვდილო მწუხარება
ნუ მომასმენთ გლოვის ჰანგებს, მაღრჩობს ცრემლთა მდუღარება, რომ ცხოვრება ისე ჰქრება, როგორც უხმო მწუხარება. მომე თასი! სიკვდილის წინ მე გადავკრავ წითელ ღვინოს და მუსიკა ააკვნესეთ, რომ დაღალულს მიმეძინოს! იდუმალი, შორეული სატრფო ჩემი აღარ მოვა, მას ამოდ მიხატავდა შუაღამის ფიქრთა გროვა. და ამაოდ ის ჩემს გულში სხივნართ ელვად ჩაექსოვა, დიდხანს ვძებნე იგი ბრბოში, მაგრამ გულმა ის ვერ ჰპოვა. არ მოვიდა! ბინდის მხარე არ ჰქნა, აღარ მიატოვა, და ცხოვრება ჩემი იყო როგორც ნისლი, როგორც გლოვა. მწუხარებამ შვების სხივი ამოაშრო, ამოსწოვა და სიცივემ თეთრი თოვლი თეთრ სუდარად დაათოვა. მე აღარ მწამს შენი სული, გამიგონე - იეღოვა... თუ ის ლანდი შორეული ეხლა მაინც აღარ მოვა! თასი, თასი! სიკვდილის წინ მე გადავკრავ წითელ ღვინოს და მუსიკა ააკვნესეთ, რომ ტკბილ ხმებში მიმეძინოს!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი