საღამო (მნათობი)
1 მნათობი მთებში გადაიმალა, სხივი კი ისევ ცას აელვარებს... წმინდა ლაჟვარდი მუქმა შესცვალა, აგერ ვარსკვლავიც ანაზებს თვალებს. მშვიდობით მზეო!.. ვეღარ იხილოს მგოსანმა სხივი სიყვარულისა, შენი შვენება რა დაიჩრდილოს, მან სად იპოვოს შვება სულისა? 2 ერთხელ დღე იყო... დღე ნეტარი, გაშუქებული, სხვაგვარ ღიმილით ირხეოდა სამშობლო მხარე, მწუხრი, სიბნელე უკუნეთში იყო შთანთქმული, აღარსად სჩანდა ციხე ბნელი, ცივი სამარე... სულს იტაცებდა ნეტარება, შვება საამო, ამური ნაზი უზრუნველად დაცქრიალებდა, ამ დროს ჩრდილოდან გაიშალა სევდის საღამო და მოეფინა კიდით კიდეს უძრავი სევდა... 3 გახსოვს ბუნება ნეტარებით აყვავებული? გახსოვს მინდორი მოქარგული ია-ვარდებით? ახ, სად გაფრინდა ჩვენი სხივი და გაზაფხული, რად შევმოსილვართ შავბნელ ფიქრით და მწუხარებით? მე კი მიყვარდა... მაგრამ, ხედავ, გამოიცვალა სახე ნარნარი უკვდავების გამომხატველი, აწ გაზაფხულმა სულ დაჰკარგა ის ძველი ძალა, სხვაგვარის მწუხრით შებურვილა მთა, ტყე და ველი! 4 თრთიან, კვნესიან, იმალებიან, უთრთიან მნათობს და გაზაფხულსა, ახალ სხივებს ვერ შერიგებიან ვარდ-ყვავილებით შემოქარგულსა. მათი ედემი ის საკანია, სადაც ცხოვრებას ასამარებენ, სადაც მზის სხივი ვერ ჩასწვდენია, სადაც დილასაც დააღამებენ. 5 მითხარი, რისთვის დაღვრემილა მთისა მწვერვალი, მითხარი, რისთვის დაუხრია ძირს სუმბულს თავი, რად შესწყდა ქროლა ნიავისა თავისუფალი, რისთვის, ოჰ, რისთვის დაგვხარხარებს სულთამხუთავი? მითხარი, ღრუბლით ცისა სივრცე რად იმოსება? რად სურს, რომ მდელო და ყვავილნი ცრემლით დანამოს? აწ შენსა მგოსანს, მითხარ, გული რად მიღონდება, როს შავი ჩრდილი დასტრიალებს მდუმარ საღამოს?
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი