საღამოხანად

ციკლიდან „ეპოქა“

საღამოხანად
ელვარე რამა
მოეფინება
პროსპექტებს თრთოლა:
კინოთეატრი,
ბრწყინავს რეკლამა
და ასოები
აქლემთა ტოლა.
სადაც სინათლის
იღვრება ზვავი,
დამმონებელი,
როგორც ნექტარი,
ბავშვის თვალები
დაუნისლავი
ისე ფეთქს, როგორც
ეს პროჟექტორი.
შიგნით რა მძაფრი
სიცილი ისმის,
რა სურნელებას
სცემს უცხოეთი,
სადღაც, გარეშე
სოციალიზმის,
არტისტი, ბრძენი,
მოგვი, პოეტი -
რაღაც ზედმეტად,
ყალბად ხატია
და თავისთავში
სხვაგვარად ზრდილი,
მტკიცედ ათავსებს
დემოკრატია
ყველაფერს, რასაც
ჰქვია უტილი.