სიკვდილის ბრჭყალებში
კავკასიის მთის ციცაბო კლდეზე ძირს ტოტ-დახრილი მუხა დგას ობლად, ცა მიაჩნია შორეულ ღმერთად და დედამიწა მახლობელ-მშობლად. წელიწადების ურიცხვმა გროვამ ვერ გამოსტაცა სიმხნე და ძალა, ქარიშხლიანი მოგონებები მისი ხსოვნიდან დრომ ვერ წაშალა. ღრმა ნაოჭებით დაფარულ შუბლზე შემოდგომისა მეფობდა დილა, ბევრჯერ აშლილა შავი ფიქრები და ბევრჯერ ისევ-ისე წაშლილა. და მხოლოდ ფიქრი ერთი უმიზნო ღრმად ჩარჩენია, ვით წყევლის კვალი: „და ყოველივე და ყოველივე ამაო არის და წარმავალი, ნათელი სხივით შემოსუდრული ხვალ დაბნელდება ცა გამჭვირვალე და შენც, მოხუცო, სიკვდილის ხელი გაგანადგურებს ან დღეს, ან ხვალე!“ კავკასიის მთის ციცაბო კლდეზე ძირს ტოტ-დახრილი მუხა დგას ობლად, ზურმუხტისფერი ცა არ იზიდავს და დედამიწა აღარ სწამს მშობლად.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი