სიმღერა სასოწარკვეთილისა


შუა-ღამეა.. გარედ ბნელაში
მიუსაფარი ზუზუნებს ქარი...
და სევდით სავსე მის სიმღერაში
მე სევდით სავსე მესმის ზღაპარი.
შუაღამეა.. მე სახეში მცემს
ჟრჟოლით დამტანი და ცივი ქარი,
მეგობრის ოთახს დავაკაკუნე
და შევევედრე: გამიღე კარი.
ხმა არვინ გამცა.. დაღონებული
კიბეს დავეშვი.. უკან დავბრუნდი,
თან მიმყვებოდა ჩუმი ნაღველი,
თან მიმყვებოდა შავ ფიქრთა გუნდი.
შუა-ღამეა.. მე სახეში მცემს
ჟრჟოლით ამტანი და ცივი ქარი,
სატრფოს ოთახთან დავაკაკუნე
და შევევედრე: გამიღე კარი..
ხმა არვინ გამცა, დაღონებული
კიბეს დავეშვი, უკან დავბრუნდი,
თან მიმყვებოდა ჩემი ნაღველი,
თან მიმყვებოდა შავ ფიქრთა გუნდი!
ვიდოდი მარტო, გარედ ბნელაში
მიუსაფარი დრტვინავდა ქარი
და სევდით სავსე მის სიმღერაში
მე უნუგეშო ვპოვე ზღაპარი..
შუა-ღამეა... გარედ, ბნელაში
მიუსაფარი ზუზუნებს ქარი,
ზუზუნებს ქარი და იმის ხმაში
განსვენებისა მესმის ზღაპარი...
აჰა, შორს მოსჩანს მკრთალის ნათელი
იწვის, თრთის, როგორც სევდის ლამპარი.
შავო სამარევ, შენსკენ მოვდივარ...
შენსკენ მოვდივარ... გამიღე კარი...
და მე მივდივარ... სანთელით ხელში
სასაფლაოსკენ მივეჩქარები..
შავო სამარევ, არვინ მიმიღო,
აბა, გამიღე ჩქარა კარები...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი