სხივი ტალღებში

ციკლიდან „ეპოქა“

სულ ერთი არის, სულ ერთი არის,
უნდა ვიშრომოთ, წინ მივდიოდეთ.
გუშინ ცხოვრება არ გვიბრალებდა
და გზა მოცული იყო წყვდიადით.
წყვდიადი იგი გადაიფანტა,
სხვა აღტაცება მოვიდა ოდეს,
პოეტიც მარად დაუღალავად
უნდა შრომობდეს, უნდა იბრძოდეს.
გვიხმობდა ცეცხლი და აღელვება,
ის გვიხატავდა სულ ახალ მხარეს,
სადაც უფსკრულში შთამჭვრეტი ცქერით
წინასწარ გრძნობდნენ ხანას ელვარეს.
შენ გადალახე ბრძოლით მთა-ბარი,
თავისუფლება დიდხანს ეძებე,
შენ არ ყოფილხარ ცის თანაბარი,
არც უსაგანო და მეოცნებე.
შენ არ იცოდი გზაჯვარედინი,
ევლინებოდი მტერს დამამხობლად,
შორს რომ მოჩანდა გზა სასურველი,
ახლა იგი გზა არის მახლობლად.
კომენტარები (0)