ტალახში
ქალაქებიდან სოფლებისკენ დაიძრა ჩარჩი ყალბი ფულებით, დატვირთული როგორც აქლემი, ფულს გაანაღდებს ჭირნახულში, სოფელს აჩეჩებს თვითმპყრობელობის დროინდელი ქაღალდის ქისას. გზებია სოფლის ოღრო-ჩოღრო და დანგრეული, ურმის ბორბლები ორმოებში მძიმედ ეფლობა, კამეჩებს უჭირთ ტალახიდან მათი ათრევა. - მომეგებენით, - მხიარული ფიქრობდა ჩარჩი, - მომეგებენით! მოალაგეთ აქ ჭირნახული, თორემ გავიდა შემოდგომა! აჰანდე შენა. თანაც იგონებს სხვა სოფელში შენამთხვევ ამბავს: ღრიანცელითა და ყვირილით მას გზაში დახვდა სოფლის ქალების მთელი გროვა, დაუწყეს ცემა. უცხო მგზავრები ჩაერივნენ მაშინ საქმეში, ჩარჩს დაანება ყველამ თავი - და იერიში მათზე მიაწყდა, ვინც მოვიდა გასაშველებლად. იყო ყვირილი, მუქარა და ლანძღვა-გინება... ჩარჩი ეხლა სხვა სოფლებისკენ მიედინება. ყალბი ფულებით დატვირთული და მოღიმარი, შემოდგომაზე ტალახებში მავალი ჩარჩი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი