ტფილისს სძინავს მძიმე ძილით


ტფილისს სძინავს მძიმე ძილით,
მხოლოდ მტკვარი ხმაურობს,
ვარსკვლავების თეთრი თრთვილით
ქარს სურს გვამოგზაუროს.

და ჭრიჭინა ჰაერს ბზარავს,
მკათათვეა. ლანდები.
არც ვოცნებობ, არც არავის
ზრუნვას ვუგვიანდები.

სულში კოშკი არ შენდება,
ეხლა აღარც ღმერთია.
საცა არის გათენდება:
ყველაფერი ერთია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი