ტყვარჩელთან

როგორც არ სძინავთ
მდინარეებს -
მთების წყაროებს,
არ სძინავთ ქარხნებს,
ფაბრიკებსა
და მაღაროებს.
ანთებულია
სიხარულით
შრომის დღეები,
გული უფრო სცემს,
აღმართია,
სიმაღლეები -
რომ იგი ერთი
მრავალ გულთა
გადიქცა ცემად -
მებრძოლი ქართან
და გრიგალთან,
დღითა და ღამით,
აორთქლებული
ყინულოვან
წამოსასხამით,
ყინულოვანთა
და ტყიანთა
ხევთა მნახველი
ნისლის, ბურუსის,
წყვდიადების
გადამლახველი;
გადამნგრეველი
დროის, სივრცის
კიდითი კიდის -
ცეცხლით და ორთქლით
მოგუგუნე
მანქანა მიდის -
ქმნილი სიმძლავრედ,
აღტყინებად
და აღტაცებად -
გადაღმა, სადაც
აღმართულა
ქარხნის კედელი, -
მოძრაობა და
გუგუნია
განუწყვეტელი,
მოდიან გმირნი
ახალ შრომის
ჯარისკაცებად.
შფოთავს ქარბუქი,
თავგადაკვლით,
თავგამოდებით...
თოვლის ნაფლეთებს
აფრიალებს
გაბოროტებით,
ის ყოველ სუნთქვას
ეჯახება -
ბოროტი სუნთქვით,
ის ყოველ ცოცხალს
ემუქრება
მოსრვა-მოთუთქვით, -
ის ყინვა-თოშის
ულმობელი
არის მთოვარი.
ყინულთ ჯავშანით
შემოჭედა
შეუპოვარი
ხომალდი, რაიც
ჩვენს გამბედავს
მეზღვაურს მიჰყავს,
ვერავითარ ქარს
უძლეველი
ვერ გაურიყავს.
აბობოქრებულ
ყინულთა და
გრიგალთა შორის
მისცურავს გემი
და არქტიკას
იპყრობს უშორესს;
იპყრობს არქტიკას,
კვლავ სალამის
გადასაცემად;
მაღლა აიწევს
თვითმფრინავთა
ესკადრილია,
ქვეშ მშვიდათ სუნთქავს
დედამიწა.
გადაშლილია
ფოლადის ფრთები,
მის სივრცეზე
განალაღები, -
თოვლქვეშ სიმშვიდეს
მისცემიან -
მინდორ-ბაღები.
ხვავს ინახავენ
დაფარულნი
თეთრი ნოხებით -
მძლავრ, ჰაეროვან
მოდარაჯე
ფრთათ მეოხებით -
არ ელისთ რბევა,
სიკვდილი და
განადგურება:
უანგარიშო
მტრის, ცხადია -
აქ უძლურება.
ესკადრილია
გარდაქმნილი
ოვაციებად -
როგორც გამოცდა
უჩვეულო
ელის კრეისერს,
არაჩვეული,
ჯერუცნობი,
უცხო რეისით -
მიეშურება
საბჭოეთის
სუბსტრატოსტატი,
მაღლა, სულ მაღლა!
გამოცდილი,
ფრენა-ოსტატი
მიეფარება,
სად რიგია
ღრუბლების ჯგუფთა,
ყველაზე მაღალ,
ყველაზე ვრცელ,
ყველაზე სუფთა
და ყველაზე ცივ
ბურუსების
ქსოვილებს იქით,
ყველაზე სათუთ
კრისტალური
გაზის თივთიკით.
სფეროდ მუდმივი
მდუმარების -
გმირი ძლიერი
მიჰქრის მეოცე
საუკუნის
გონდოლიერი -
ჯადოსნურ ფიქრით
გაფრენილი
აფრა-ტილოთი,
გამარჯვებული
სტიქიასთან
ჩვენი პილოტი.
და არწივები
ნისლებიან
და ღრუბლებიან
ქვეყნიერების
საიდუმლოს
ეუფლებიან,
რათა უჩვენონ
მტერს მედგარი
დავაჟკაცება, -
უცნობლობიდან
იმართება
მძლე ფალავანი,
რომ უცნობლობის
შორს დასტოვოს
ყრუ გალავანი.
სტახანოველი
იგი მოდის
და იგი უტევს
ბუნების ძალთა
სიძუნწესა
და სიჯიუტეს.
ბრძოლა ნავთისთვის!
გაარღვიეთ -
გზა მთების ტოლა -
ქვანახშირისთვის,
მადნისათვის
ხმაურობს ბრძოლა.
ჩაებით შრომის
შეჯიბრებად
გულგახურებით,
მშობლიურ აღთქმებს
ვინც ერთგულად
ემსახურებით.
რათა წინ წარვდგეთ
სიამაყით,
თავმოწონებით -
ქვეყნის წინაშე
საჩუქრების
მძიმე ტონებით -
მოყვრისთვის ლხენად
და მტრებისთვის
თავზარდაცემად -
სამშობლო მხარე
ჩვენ გვეძახის
ახალ ვადებით,
რომ ვიმუშაოთ
ენერგიით
და თავდადებით.
იქით კი, სადაც
ნაყოფიერ
ველების ზღვარი
გათელილია,
გადათხრილი
და გადამწვარი -
წყალქვეშ, მიწისქვეშ
და მიწაზე,
ჰაერში, წყალზე,
სად ზვირთი ზვირთზე
ისახება
და რკალი რკალზე,
ჰაერი არის,
უდაბნოა,
თუ ხეთა ჩრდილი,
კვალდაკვალ, ყველგან
ადამიანს
მისდევს სიკვდილი,
მისდევს, ნადირობს,
ძალმომრეობს,
განაწვალები,
ერთადერთ იმედს,
ჩვენ გვიცქერის
ხალხთა თვალები.
დე, ჩვენმა შრომამ
განუმტკიცოს
მათ ნებისყოფა,
გადამწყვეტ ბრძოლის
გაუღვივოს
მხნე წინათგრძნობა,
რომ ახლოა დღე,
როდესაც ეს
ხარბი, მსუნაგი,
მთელი მსოფლიოს
მაგნატების
ხროვათ ბუნაგი -
შეჩვეულს ადგილს
ხვალ მოწყდება
და გაფრინდება
სხვა პლანეტაზე,
სად მოელის
სულ სხვა დიდება -
სხვა კოლონიის
დასაპყრობლად -
სხვა ზეციური,
სიმდიდრისათვის
წავა მათი
ოცნება მგლური.
მაშ, გაასკეცდი,
შეჯიბრებავ -
კვლავ გატაცებით -
ო, მღელვარებავ,
სიცოცხლისავ!
დღე შეიყვარე,
და სიმღერების
ნაკადები
გადაიღვარე.
გადაიღვარეთ,
სიმღერებო,
შემომქმედ ხმებში,
გადაიღვარე,
ენერგიავ,
ბრძოლის ლექსებში,
მემაღაროევ
ტყვარჩელისავ,
ლაღი და მნათი
შენც დიდებულად
წამოიწყე
ეს წელიწადი,
და წილად გერგო
გამარჯვება
თანაბარ დროშის,
სახელგანთქმული
დონბასის და
კრივოროჟიის.
დიდია თქვენი
სამსახური
რევოლუციით -
დიდს საუკუნეს
ქიმიისას
რომ გაუწიეთ.
იმ საუკუნეს,
ძველებურს რომ
გასცდა ჩარჩოებს,
ადამიანი
ბუნებაზე
როცა იმარჯვებს,
ქება ტყვარჩელელს!
მან სახელით
შემოსა მიწა,
თავის მაღაროს
სასახელოდ
მან დაამტკიცა,
რომ შეუძლია
უძრავი მთის
დაბარბაცება.
შესაძლებელი
გახდა ჩვენშიც
სასწაულთ ფენა,
სემივოლოსის
რასაც ახდენს
მტკიცე მარჯვენა.
გაოცებულნი
მოხერხებით
და ოსტატობით -
ვხედავთ ყველანი,
რომ წუთობით
და საათობით
მის ხელში მძიმე
ანტრაციტი
და ქვანახშირი,
ხდება ლბილი და
მოსაქნელი,
ვით სანთლის პირი.
და ეხლა ბევრი
ეჯიბრება
ერთიმეორეს,
გახდეს პირველი
და პირველი
თანასწორთ შორის.
მე მინდა ჩანგი
ხმაურობდეს -
კვლავ აღტაცებით,
რომ შეჰქმნას დიდი
ისტორია
უახლეს გრძნობის,
თანამშრომლობის,
მეგობრობის,
ხალხთა მშვიდობის -
რისგანაც კაცი
უფრო მძლეა
და უკეთესი,
შემომქმედ ხანას
ადიდებდეს
ყოველი ლექსი!
კომენტარები (0)