ფანტაზია (ფრთები რომ მქონდეს)
ფრთები რომ მქონდეს, გავსწევდი იმ მწვერვალს, საზღვრად დადებულს, იქ ქალწულ თოვლთან ვპოვებდი ბინას, მზით აფერადებულს. მე მსურს, იქ დავასადგურო ჩემი ოცნება და ქნარი და ვკოცნო, ვკოცნო ღრუბლების ბაგე ალისფერ-ნარნარი. ფრთები რომ მქონდეს, ეთერის შუქს თეთრსა და მოციმციმეს მივცემდი გულში მწუხარე დაფარულ ფიქრთა სიმძიმეს. ქვეყნიურ ამოებისგან დამიფარავდა ცის კალთა, ალერსი ანგელოსების და მდუმარება მწვერვალთა. ფრთები რომ მქონდეს, ზეცამდე ამაღლდებოდა თვით სული, რომ მომესმინა ხანდახან თეთრ ვარსკვლავების ჩურჩული, განვახლდებოდი იდუმალ და ნაზ სიზმრების მხარეში, მათთან, რომელთაც კვლავ უყვართ ლაღ არწივივით თარეში. ფრთები რომ მქონდეს, მზისაკენ გავექანები ზღვის ნავად, ცის კაბადონზე დავსწერდი მსოფლიოს შესახედავად: „გიყვარდესთ“! - იქნებ ყველასი შეხვდეს ამ ნაწერს თვალები და შეიყვარონ, რადგანაც კაცნი არიან და ძმები. ფრთები რომ მქონდეს, გავსწევდი იმ მწვერვალს, საზღვრად დადებულს, იქ ქალწულ თოვლთან ვპოვებდი ბინას მზით აფერადებულს; მე მსურს, იქ დავასადგურო ჩემი ოცნება და ქნარი; და ვკოცნო, ვკოცნო ღრუბლების ბაგე ალისფერ-ნარნარი!..
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი