ფარდების შრიალი

დადის და აზმორებს...
ხავერდებს, ხალიჩებს, ბნელ კარებს
უვლის გარს -
ისეთი სიფრთხილით!!
იდუმალ შუაღამით
ბნელ ღამით -
ჩუმად ვშლი რვეულებს.
ოდნავ თრთის სანთლის ალი...
სიჩუმეა.
ის კუთხეში წევს გაუნძრევლად,
ცივი თვალებით.
შევხედავ, ვიგრძნობ: არსადა სჩანს
გზა წინანდელი.
ჩნდება -
მწუხარება და ჟრუანტელი.
ნელ ნაბიჯს შავი მიაპარებს -
იდუმალება.
სადაც ბავშური ძილით სძინავს -
ჩემს ანგელოს დას
(ჩემს მოგონებებს, პოეზიას!)
სურს მოიტაცოს გაზაფხული!
შეხედეთ! თურმე სად მალავდა
ველური ფიქრი
თავის ბასრ ბრჭყალებს...
მე შეიძლება შეშლილი ვარ,
და ავადმყოფი!
ფარდების შრიალი
მაახლოვებს მშვიდ სამეფოსთან,
რომელსაც ქვია: მოლოდინი
და მღელვარება.
ეს არის სული, დამწყვდეული
ცისფერ ბადეში -
და ნათელივით იტანჯება
მისი თვალები.
გარეთ მაისია.
დაჰქრის დიონისეს
შვება უჩვეულო.
გარეთ იასამანს
ბინდი ეფარება...
ბაღი ედარება
ცისფერ მოგონებას.
და რად მაგონებს მშვიდ სამეფოს
მდუმარებისას
ფარდის შრიალი?