ფიქრები სამშობლოზე


ნავთსადგური დიდი, ვრცელი,
ტვირთებს ზიდავს კაცი-მონა.
შორს გაჰყურებს ზღვას მარსელი
და ისტუმრებს გემებს რონა.

გამახსენდა! დაბადება -
განთიადით შუქს აპკურებს,
სხვა ახალი ემატება
ჩვენი ქვეყნის ნავთსადგურებს.

სიყვითლით და დაობებით,
რომ ბორგავდა წინად ფოთი,
შრება ძველი ჭაობები
და რიონის ცხრება შფოთი.

ცხრება მისი მავნე შფოთი,
გადალეკვა ვეღარ ართობს -
გასჭრეს სულ სხვა კალაპოტი
ძველი - უვრცესს სტოვებს ფართობს.

სად ხვდებოდენ: ზღვა ძლიერი
და რიონი მედიდური,
მშვენიერზე მშვენიერი
დაფუძნდება ნავთსადგური.

აქ კი სიღატაკე ვრცელი...
ტვირთებს ზიდავს კაცი - მონა.
შორს გაჰყურებს ზღვას მარსელი
და ისტუმრებს გემებს რონა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი