ფიქრი
როგორც აჩრდილი ჩადრგადახდილი, ისე ანათებს ცის სივრცეს მთვარე; ვარსკვლავთა კრება თანდათან ქრება, განთიადს ელის ცა მგლოვიარე. არემარე თვლემს... ტკბილ ნანას უმღერს ბარს, მიძინებულს, მთის ნაკადული. მეც გული მიძგერს, ვუცქერ ცის სივრცეს, განთიადს ველი სულგანაბული. კოხტად შემკული, დადუმებული, შორს, შორს გასცქერის მთისა მწვერვალი, თითქოს იგონებს გაფრენილ დღეებს და გულს უთრთოლებს ღვთიური ძალი. ცა ალაჟვარდდა, ოდნავ დააჩნდა ვარსკვლავთა ზოლი მის სპეტაკ სახეს, გადაიხადა ცამ ბნელი ფარდა, და ფრინველებმაც ერთხმად დასძახეს. მზეც ამოვიდა, უმანკო, წმინდა სხივი სამყაროს გადმოაფინა, დაჰკრა მწვანე ველს, თვალგადუწვდენელს, და საამურად ააბიბინა. ყვავილის გულზე, აკოკრებულზე, ნამი აენთო და აბრჭყვიალდა, ნიავი ნელი, ფიქრთ უკუმყრელი, მიწას გაეკრა, ტყე აშრიალდა. ნაზი პეპელა ფრენდა ნელ-ნელა, ბზა მოხუც ფიჭვის ტოტებს ეკვროდა, იქვე, მახლობლად, მარტოკა, ობლად, ბულბული სტვენდა და გაჰკიოდა. მარად ბედკრული, უღელდადგმული, ძალას იკრებდა ადამიანი, კვლავ იღვიძებდა, ღონეს იკრებდა ცხოვრება მწარე და ნაღვლიანი. კვლავ ბრძოლა, ბრძოლა, შიში და ძრწოლა! კვლავ დამარცხება, კვალად სიკვდილი, ყველგან, ყოველთვის სიმართლისათვის დევნა, წამება, საფლავის ჩრდილი... ოჰ, რომ შემეძლოს გავფრინდე შორს, შორს, მოვცილდე მხარეს შხამით აღვსებულს, ცისა სიუხვით, თუნდ ერთი წუთით შვება მივმადლო სულს დაობლებულს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი