ქალაქში


ფანტასტიურო! დამაავადეს
შენმა სახლებმა და შენმა გზებმა!
ცა, მარტოობა, სული თავადის,
და ერთად ერთის მრავალთან შებმა.
დამასნეულეს ფიქრებმა შენზე:
ყრუ ხმაურობა, მზე გარი-გარი.
ჰაერს მოარღვევს მარადი შემწე
გრგვინვა და ქარი, გრგვინვა და ქარი.
ადგა ქუჩაზე ქარი და მტვერი,
ამოიზიდა ზმანება ზანტი.
„ფრიდრიხ ადლერი, ფრიდრიხ ადლერი“, -
ყვირის ხმამაღლა მანიფესტანტი.
და ხალხი, ვისკენ ხელგაწვდილია
აქ უჩინარი მრავალი მტერი,
თითქო ძახილთან გადაზრდილია:
ფრიდრიხ ადლერი, ფრიდრიხ ადლერი.
ჰაერს ანათებს დროშა მრავალი.
ადლერი, თითქო ამათში მკთოლვარს,
შეუპოვარი გზებით მიმავალს,
მინისტრს, ხალხის მტერს, უშენს რევოლვერს,
„თავისუფლებას, ძვლებით მოკირწყლულს,
აღარ შორდება ციხეთა ლანდი...
რა დაიფარავს ავსტრიის სირცხვილს?“ -
ყვირის ხმამაღლა მანიფესტანტი.
ადგება მალე შუადღის სიცხე,
აელვარდება მხურვალე დავა.
მეტი სიფიცხე, მეტი სიფიცხე,
ბედმა არვის არ უნანინავა.
დაუგდე ყური გამურულ მჭედელს,
რომელმაც შესძრა ყველა ტახტები:
„ნუ ებჯინები ხავსიან კედელს,
მოჰკვდები, მაინც გაპარტახდები
შენ, ვინაც მღერი ძველი მოტივით.
ნაღმებში ჩადეს ენამჭევრობა,
რომ აფეთქდები და ნაფოტივით
აგისვრის ბედის დაუდევრობა“.
ცხრება ქუჩაზე ქარი და მტვერი,
აწ აღარა სჩანს ზმანება ზანტი.
„ფრიდრიხ ადლერი, ფრიდრიხ ადლერი“, -
სადღაც შორს ყვირის მანიფესტანტი.
ფანტასტიურო! დამაავადეს
შენმა სახლებმა და შენმა გზებმა!
ცა, მარტოობა, სული თავადის,
ერთთან მრავალის განწირვით შებმა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი