ქალის ქანდაკება
მე დავივიწყებ ყველა სიკვდილს: პირველს, მეორეს... უკანასკნელი არ მოსულა ეროსის შხამი, გზა მიჰყვებოდა მიმოფანტვას უმეტეორესს, რომ თან წაეღო საუკუნის მრავალი წამი. მხატვრის უგონო წყურვილივით დამრჩა სურვილი: გაუკვდავების გაწამებულ დღეთა გაგება! ოცნებას მხოლოდ სიყვარულით შემობურვილი დარჩა ბინდიან მოგონებად ეს ქანდაკება. ბეჩავ! მოგიკლას გულმა გული, ბაგე დაგებას და შემდეგ ასე დაივიწყო თვისივე ფრთები? დამშვიდებული თვალით ვუცქერ თეთრ ქანდაკებას... „რა ლამაზია!“ - ვიმეორებ და არ ვფითრდები. მე მის წინ მიყვარს ზამბახების ფენად დაგება, მიმოქრის ოქროს ამურების ურჩი კრებული. ჩემთვის მარადი დუმილია აქ ქანდაკება - ისევე თეთრი, წარსულიდან მოტაცებული!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი