ქალს მთებიდან


როდესაც ვუცქერ მე შენს თვალთა უძირო ლაჟვარდს,
როცა თვალი თვალს უსწორდება არა შემთხვევით,
დატოვებული, შორი კუთხე მომაგონდება,
მოგონებები თვალწინ რბიან სევდიან რხევით.
მე მაგონდება ერთი ძველის ძველი ჩარდახი,
გვერდზე მოხრილი, შავი ყავრით გადახურული,
და ბაღი შორი, სავსე ვარდით, ცაცხვის ხეებით
მარჯვნივ და მარცხნივ დაქსელილი და დაბურული.
რამდენი ღამე მითევია შენს მოლოდინში,
ცას ვარსკვლავიანს შუქს მატებდა ელვარე მთვარე...
შენს მოლოდინში, ო, ვინ დათვლის, თუ რაოდენი
გამოუცნობი მღელვარების ღამე ვატარე.
ოჰ, იმ ცრემლებით ირწყვებოდა ჩემი ვარდები,
და იმ ლოდინით იქმნებოდა მომავლის ნანა.
შენ არსად სჩანდი, მაგრამ ჩემთვის უცხო არ იყო
შენი თვალების იდუმალი, წმინდა ქვეყანა.
და დღეს, როდესაც შენ არ გხვდები უმადლო ბრბოში,
თუ რას განვიცდი, ცამ, სინდისმა იცის მარტოდენ;
ვინ დააფასებს მაგ სიწმინდეს ჩვენს სამშობლოში,
ვინ დააფასებს, თუ მაგ გულში რა ძალნი თრთოდენ?
მე ვგრძნობ შენს ირგვლივ მხიარულ და უდარდელ ქალებს,
ვიცი - რას ფიქრობს გიჟ ფერხულში იქ თვითეული,
მათ მხოლოდ სახეს არ უშიშვლებს შავი ნიღაბი,
თორემ იქ... გულში... რა ქარია გადარეული.
და მარტოობის სურვილებით მე მათ ვშორდები,
როს მეწამლება გული ასეთ უმიზნო ხმებით.
ვდგევარ კუთხეში, სიბნელეში, ვუცქერ შორიდან,
არ მსურს ვცხოვრობდე მათი გრძნობით, მათი მიზნებით!
განკიცხვის ლექსი იბადება მაშინ ჩემს გულში
და ილესება, როგორც დანა გლადიატორის,
და ვწუხვარ, ვწუხვარ, რომ დღეს თუ ხვალ ეგ მძლავრი ტალღა
შენაც ჩაგითრევს მოლივლივე ტალღათა შორის!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი