ქალწული
როგორც წყნარი ღიმილი ნათელ კაეშნიანი, ღამე დაუვიწყარი, ღამე მსუბუქფრთიანი, ეფინება მაღალ მთებს, ეფინება ველს მწვანეს, და ვერცხლისფრად ანათებს მკვდართა სამყოფ სავანეს. ჯვრებს და ლოდებს, აკლდამებს ლანდი ღონემიხდილი დასწოლია აჩრდილად - შავი, როგორც სიკვდილი. ღამის სიო ზვირთივით ბალახს ედუდუნება და მთლად გარინდებული მას ყურს უგდებს ბუნება. ჩუ, სად ისმის ქვითინი გულით ამონახეთქი, ოჰ, არ გესმის ეს ოხვრა? სიოვ, დაჩუმდი-მეთქი! ოჰ, რამდენი ტკივილი, რამდენი მწუხარება და რამდენი ვაება ამ ხმებში იფარება. სდგას ქალწული საფლავთან და მთებს კი ღამის ჩრდილი დასწოლია ლანდებად - შავი, როგორც სიკვდილი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი