0 1055

ქალწულის ოცნება


ოდეს მთვარის ნაზი შუქით ივერცხლება ალვის ტანი
და ლანდებით იმოსება დაჩრდილული ხეივანი,
ყვავილები ირხევიან და ირხევა ცაცხვის ჩრდილი
და ირხევა ტბის უფსკრული ვარსკვლავებით მოჭედილი -
ამ დროს სარკმელს დაყრდნობილი მშვენიერი ქალწული სდგას,
სდგას, ოცნებობს და სიფრთხილით უდარაჯებს ღამის სუნთქვას.
ღამის სუნთქვით გაჟღენთილი ზამბახების გუნდი მღერის:
„ეს ქალწული რას გვდარაჯობს, ეს ქალწული რას გვიცქერის?
მთვარე ხვალაც ცაზე ივლის, მთვარე ზეგაც ივლის, ივლის...
და ქალწულს კი არ შერჩება ეს ოცნება სიყმაწვილის...
ის ოცნება წუთიერი თან წაჰყვება დროთა ელვას,
ვერ გადურჩეს ვერაფერი წუთისოფლის მარად ღელვას“...
მწუხარი სდგას კვლავ ქალწული... კვლავ დარაჯობს ვარსკვლავთა კვალს,
ვარსკვლავთა კვალს ნისლი უვლის და ცრემლები ქალწულის თვალს...
კომენტარები (0)