ქარი

მე ვწერდი... ამ დროს სევდიანი
შუაღამის ჩრდილი
ვარსკვლავთა გუნდში ხან იქ, ხან აქ
დასრიალობდა.
ქარი ხან სტვენდა, ხან სტიროდა
გულამოსკვნილი,
ხან გამოუთქმელ სივაგლახით
ჰკვნესდა... წვალობდა.
გული უსმენდა მას, ამ ქვითინს
გამოურკვეველს
და ოცნებობდა აუხდენელ
ფიქრ-მოგონებით;
ქარი კი ისევ ედებოდა
ქვითინით ტყე-ველს
და მჭკნარ ყვავილებს იტაცებდა
მოსხლეტილ ფრთებით;
თითქო იცოდა - ცარიელი
იყო ქვეყანა,
მისთვის არ იყო ამ სივრცეზე
თავშესაფარი.
მხოლოდ მე ვიყავ იმის მსგავსი
და იმისთანა
და მოწყენილ ხმებს მიტომ კვნესდა
სარკმელთან ქარი.
დასცხრი, გრიგალო! ყველაფერი
როდი დავკარგეთ,
რა ვუყოთ, გულში თუ სიამის
ჩურჩული მისწყდა?
რად დაგავიწყდა წყნარი ლოცვა
ქალწულის ბაგეთ,
და მოგონება დღეთა წარსულთ
რად დაგავიწყდა?