ქუჩაზე

პატარა პირუტყვებივით ჰყრია ბავშვები
ზამთრის ქუჩებში.
პირუტყვებს რამე მაინც ფარავს,
ბავშვებს - არა რა.
ხბოს რომ ბოსელში შეაგდებენ
ამ ცივ ზამთარში,
მას თვალებჭროღა გვერდს ეყოლება
ძვირფასი ძროხა:
მაგრამ ბავშვებსაც ნახირობით უყვართ ცხოვრება.
აი, ქუჩაზე ეტლს მიათრევს
ფაშატი ცხენი,
იცის იმ ცხენმაც, რომ დახვდება
სითბო და თივა.
მოხსნიან ლაგამს და საპალნეს,
მისცემენ თოფრას.
ასე არ ოცნებობს პატარა მაწანწალა,
ამოწუმპული და უფერული;
იგი ეხლავე არის მშიერი მგელი,
იგი ეხლავე არის ლაქუცა ძაღლი.
სნეული ბავშვები,
კატის კნუტებივით ღამით მიყრილი
თოვლიან ქვებზე,
ოცნებობენ მკვლელობაზე,
სისხლზე და ცეცხლზე.
კომენტარები (0)