ყველა წითელარმიელი იდგეს, როგორც ლომი
ციკლიდან „რევოლუციონური საქართველო“ თუ რომელიმე სასახლეს აგებს, რომლის სიმაღლე არის ზღაპარი, როცა ქუჩაში ღარიბ-ღატაკებს არ გააჩნიათ თავშესაფარი, მილიარდერი აგებს თეატრებს, რომლით ბრჭყვიალებს მთელი ევროპა, როდესაც მუშებს ქუჩებში ათრევს გაუგონარი უმუშევრობა. მილიარდერი ააგებს ტაძარს, რომ შეითრიოს ქალი და ბალღი, რომ რელიგია სცხოს ოპიუმში და ოპიუმით მოწამლოს ხალხი. აზრი მსწავლულის, გმირის, არტისტის მონად ჰყავს ბანკირს. სახლშიაც არის, გარედაც იცდის ჩასაფრებული ბურჟუაზია. ხელში აიღებ დღევანდელ გაზეთს და გრძნობ - სად მიდის ძველი ევროპა, ვისზე იყენებს ტანკებს და გაზებს პარლამენტების ენამჭევრობა. საბჭოებს ისრებს უშენენ შვილდნი ყველა ლონდონის, ყველა ლიონის, გიგანტიური სტამბების დაზგა და მშენებლობა რატაციონის. გრგვინვენ მოტორნი და გაზეთები იფანტებიან გამყინველ დროში, მუშებს თავისი უნდათ გაზეთი და გაზეთისთვის არა აქვთ გროში. საზიზღარი დრო! უსაზიზღრესი, ვიდრე გახრწნილი ლეშების სუნი, როცა ზიდავენ მკვდრებს რკინიგზები და ტელეგრაფთა კვნესის ზუზუნი. სად კონტინენტი დარაჯობს მხოლოდ ფარჩეულობას, ტყავეულს, ნოხებს, პრესას, მუსიკას, თავდავიწყებას ეძებს კაფეში და გულს იოხებს. ამ დროს ღვინოსთან მოღიმარ ჯენტლმენს უახლოვდება მაღაროს მთხრელი, მოგვიმატეო, დროა, ხელფასი! ვკვდებით შიმშილით, არ მოგვდევს წელი. ჯენტლმენი ახალს იღებს სიგარას, არვის მოთხოვნა მას არ აწუხებს, აიღებს ქაღალდს, მწარე დაცინვით შეხედავს მუშას და უპასუხებს... მაშინ უეცრად მე მომეჩვენა, რისხვად გააფთრდა მაღაროს მთხრელი და შამპანურთან გართულ ჯენტლმენებს საყელოებში სწვდა რკინის ხელი. ღვინო გადესხა აბრეშუმს, ხავერდს; ქალს ალმასების მოსწყდა საყურე, ძირს გაიშხლართა მძიმე ბანკირი, კიბის ქვეშ შეძვრა მოსამსახურე. იწვის წიგნები და გაზეთები, ქანდაკებები იმსხვრევა რკინის. „წყალი!“ გაისმის ხმა მანდილოსნის, რომელმაც სუნი იგრძნო ბენზინის. სარკემ ძგრიალი მოიღო, ალმა გადმოანგრია ბროლის კანკელი. მომენტი ჰგავდა ელექტრო-ბზრიალს, როს კაპიტალმა იწყო კანკალი. ოქრო და ვერცხლი ძირს დაიყარა, ინტელიგენტის გამოჩნდა ზურგი, სათვალის, ცილინდრს, სიგარის იქით, დგას მშვიდად კლასი, როგორც ქირურგი. გაჩნდა ქუჩაზე ბარიკადები, კაპიტალისა დაიძრა მყარი... მაშინ იმედი მუშათა კლასის არის მედგარი წითელი ჯარი. კლასი ჰქუხს: ვაშა წითელ არმიას, რომელიც მტრების საყრდენ-სადგურებს, ჩვენს წინააღმდეგ ამუშავებულს, დალეწავს, დასწვავს, გაანადგურებს!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი