ყველაფერმა იცვალა ფერი


აჰა, ჩემს ირგვლივ ყველაფერმა
იცვალა ფერი,
ვარდ-ყვავილებით მოიქარგა
წყაროს ნაპირი.
მზისა სხივებით აფერადდა
ცისა ეთერი,
ჭალაზე მწყემსის აღუღუნდა
მწუხარე სტვირი...
წყნარმა ოცნებამ არემარე
გარემოიცვა,
შეამკო იგი ყვავილებით
და მორცხვი ვნებით,
ვით მოჩვენება - გაზაფხული
დაეშვა ქვეყნად.
გაასვენებენ შემდეგ ცხედარს
ამ გვირგვინებით.
გავყვები ვარდებს თავდახრილი
და მოწყენილი.
გული - გულია, კვლავ სიცოცხლით
რომ ავათრთოლო.
ყველა გათავდა, ყველაფერმა
იცვალა ფერი.
მარტო დარდთა ჩემთ უცვლელობას
არ უჩანს ბოლო.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი