შემოდგომაა


სხვა პოეტისთვის ვერ მიმიგნია,
ეს წიგნი - ერთადერთი წიგნია
მშვიდი, ფარული.
შემოდგომისთვის იგი იშლება,
როგორც ფოთლების გადაშიშვლება
და სიხარული.
წავიდეთ ერთად ველებში, გიცდი!
ვერ მოვიგონე ქვეყნად არტისტი
ქარის სადარი.
რა აქვითინებს მინდვრის ტრიალებს?
ასე გულმწარედ რაზე შრიალებს
ძველი ჭადარი?

ო, ვიყოთ ერთად! გზა გულს ამრთელებს...
ქვეყნად მომავალ კორიანტელებს
ვინ მოეკრძალოს?
ჩვენ, პოეტები, მზიდან ვეშვებით -
და ვსვამთ ცეცხლიან აზარფეშებით
მზის სადღეგრძელოს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი