შენ რაღას იტყვი?

ატყდა ვაზების კვირტი,
ცრემლის დაგუბდა წყარო.
სწუხდა ლიახვის ზვირთი, -
შენ რაღას იტყვი, მტკვარო?

იყო ზვირთების შეხლა,
თერგის ნგრევის და რიხის.
შენ რაღას იტყვი ეხლა,
მთებო მშობლიურ ლიხის?

მთიდან დაეშვა ღამე
და დაიბინდა მდელო.
შენ მაინც მითხარ რამე,
ვრცელო ალაზნის ველო!

თრიალეთიდან ვნახეთ
ღამის მსუბუქი ჭვარტლი.
მე ვეკითხები კახეთს,
თუ რაზე ფიქრობს ქართლი.

იქნებ მოისმენს გმინვას
ვინმე ჩუმი და ავი.
ასე დაბინდულ მყინვარს
ზღვა რად შეღელავს შავი.

რაზედ ღრიალებს ფაზი
და ისტორიის ჩრდილის
მზე ეფინება ნაზი
ქუთაისსა და თბილისს.

მაგრამ, თენდება. ყავრად
მთებს ეფინება თებო.
ჩემი სალამი, მძლავრო
კავკასიონის მთებო!