შვეიცარია


ციკლიდან „პაციფიზმი“

მთებს გახედავ: სიზმარია,
და სიზმარიც მწარეა.
ალპებით და გლეტჩერებით
ბრწყინავს შვეიცარია.

აი, სხვათაშორის,
საუბარი ორის:
- გაზაფხულის დამდეგია,
აყვავილდა მთა-ბარი,
ლიგაც გამოსადეგია,
თუ გინდა სთქვა ზღაპარი.
- მაგრამ რა დროს ზღაპარია
და ან რა გვეტახტება,
აწი რაგინდ მაღლა იდგეს -
ვერაფერს ვერ გახდება:
- ჩვენი მღვდელიც მაჯერებდა -
ლიგა ღმერთის ლანდია:
ერთი შუქიც იმ რწმენისა
ჩემს გულში არ ანთია.
- არ ანთია, უკმარობის
კი ღვივდება საკირე...
მე ხომ ჩვენი აზნაურის
ვიყავ მოჯამაგირე.
- თქვი, რამდენჯერ მოუმართავს
სიტყვით გამონაკრეფით:
„შენც ბატონი, მეც ბატონი
ვიყოთ გულხელდაკრეფით!“
- მოჯამაგირობის ვადა
აგრე როდი თავდება,
აგერ დრომაც მოაწია,
ყანაც ათავთავდება:
არ გაგიშვებს სიკვდილამდე,
ხვეწნას რა მოუცია -
თუ სიკვდილმა თავის დროზე
თვითონ მას არ უწია.
- ვთქვათ, ავად ხარ მეტის ჯაფით.
აბა მაშინ რას შვები?
აქეთ მიწა გიდარაჯებს,
იქით ექიმბაშები!
- იმეორებ ყოველ წამით
სოფელი და ქალაქი,
რომ ჩვენს თავზე თვის ხელობას
სწავლობს ყველა დალაქი.
- რა ტვირთები არა ვზიდე,
რა ღამე არ ვათიე...
მაგრამ მისგან დახმარება
ძველი ბაიათია.
- ჩვენს სიცოცხლეს სამუდამოდ
ისევ იგი განაგებს,
ჩვენი შეურაცხყოფისთვის
არსად პასუხს არ აგებს.
- მაშინ ვიღას უშველიდა
მათი გადამტერება,
- ჩვენთვის მხოლოდ უბედობა,
მათთვის ბედნიერება:
- არ შეგვფერის: მათ მამობა
და ჩვენ კიდევ შვილობა,
არასდროს არ მოხერხდება
ჩვენი სიამტკბილობა:
- მთლად ჩამოვხმი, მაგრამ რა ვქნა,
რა მაქვს, რა გამაჩნია.
მემამულეს გატაცება
ლოყებზედაც აჩნია.
- არავითარ შემთხვევაში
არც ხსნა, არც შეღავათი,
ჩვენს მინდვრებზე ლერწამია -
სტვირს კი უკრავს თავადი.
- სწავლობს, მაგრამ გვიან არის,
ბედს დაღად ზედ დაუკრავს -
ვინც სიბერის ხანში სწავლობს
საიქიოს დაუკრავს.
- გაზაფხულმაც მოაწია,
საქმე არის საჩვენო,
უნდა თესლი გამონახო,
უნდა მიწაც აჩვენო.
მიაბრუნე, მოაბრუნე,
გვერდზე გადაუტანე,
ქვას რომ შემოეჯახება
მოპირული გუთანი.
გუთნით რაა? იარაღი
რომ არ არის - ახია,
სადაც ბაღი არ არსებობს,
ბუჩქის ძირიც ბაღია.
- ეს ბაღი ჩვენ მოვიყვანეთ,
ეს გზა, ეს შადრევანი -
მას კი ჩვენთვის ენანება
ყურძნის ერთი მტევანი.
- გადახედე შემოდგომით
კომშებსა და ბროწეულს,
ყოველივეს ჩვენის ხელით,
ჩვენის შრომით მოწეულს.
- ამ ბაღში რაც იპოვება
მემამულის ხვედრია,
სხვა ვინა ხარ, საიდან ხარ,
გასწი გადაეთრიე.
შენ რას ყბედობ ამ ვაშლების,
ამ ხეხილის მაგიერ,
იგი ბაღმა მოიყვანა -
არა მოჯამაგირემ.
- გულუბრყვილო რომელია,
თუ რომ სტუმრად ეწვია,
საჩუქარი მებაღისა -
მხოლოდ მკვახე ნესვია.
- იფნის ჯოხს გამოიჭრი,
მაგარ კომბალს გაითლი,
ჯოგი თუ არ დააფრთხე,
ისე როგორ დაითვლი?
სიცივეში ჯოგისა
მოვლა ძლივს გეხერხება,
ზოგი სეტყვით ისპობა,
ზოგიც გადიჩეხება.
ზოგი მგელმა წაიღო,
ზოგმა სული დალია,
ყველა მოჯამაგირის
უგნურების ბრალია?
ნახირს როცა მირეკავს
და არის ხმაურობა,
ერთი რამ აქვს უფასო:
ვირით მოგზაურობა:
ყველაფერი კერძოსია
ვისი კიდევ? რა ვიცი,
საძოვარი ჩვენ არა გვაქვს,
არც სადგური თავისი.
ამნაირი გაწამებით
სიცოცხლეც კი არ გინდა,
რომ დაბერდა მემამულე -
ქოფაკივით აღრინდა.
- კნეინა კი ვითომ გულით
სპეტაკი და ჩუმია,
ისე დატკბა თითქო ლბილზე
ლბილი აბრეშუმია.
- ეხლა შარსაც რომ მოგდებენ:
ხუმრობა არ გარგია -
ყველში ცხვარის მატყლს რა უნდა
თუ მეცხვარე კარგია:
- გათენდება, უეცრად
თავზე წამოგადგება
და დაგიწყებს გინებას
რაც ენაზე ადგება.
- გაგიღიმებს, მარა რა?
გატენილი თოფია -
მეგობრობას იმისას
ისევ მტრობა სჯობია:
- ერთ ტკბილ სიტყვას გაღირსებს,
იყო და გაიარა,
ზამთრის მზეს დავუჯერებ
მაგის სიტყვებს კი არა.
- აამაყებს უზომოდ
ან შეძლება, ან გვარი,
არის ყოველ სოფელში
თვითო მაინც ამგვარი.
- ასეთია დღეს მხარე
უფლებაა ძლიერის,
უმეტესად მაძღარის,
არასოდეს მშიერის.
- რა მშვიდობა დამკვიდრდეს
და მონობის მიგნება,
მაინც ეს წყობილება
დანგრეული იქნება.
- ეს მინდვრები მოიარე,
რომელ კაცს არ შეშურდეს:
ღვინო არა, პური არა,
წყალი - რამდენიც გსურდეს.
- შენ დამშვიდდი, ამბავი
ძველთა-ძველის-ძველია,
ერთა ლიგაც მაგათი
მუდმივი დამცველია.
მაგრამ იცი ამგვარი
რამე ამ ჩვენს მხარეში,
ასი ნიაღვარი რომ
ხვდება ერთ მდინარეში?
თოფები და ფარები,
ვადა რაკი დადგება,
ასი წლით ნატარები
ერთ დღეს გამოგადგება.
მაშინა სთქვი, თუ მტერი,
დარჩეს გაურიყავი,
მალე განადგურდება
შენ გულმაგრად იყავი:
გადივარცხნე ქოჩორი
ისე, როგორც წესია:
დამშეული ჩოჩორიც
ცხენზე უსწრაფესია.
მალე იგრძნობს ბატონი
რომ ხუმრობა ეყოფა,
მეხად რომ დაეცემა
თავზედ ჩვენი გლეხობა.
ალპებში და გლეტჩერებში
ბრწყინავს შვეიცარია,
მთებს გახედავ: სიზმარია
და სიზმარიც მწარეა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი