შიში


ქალაქში შიშია,
ქუჩებს და მოედნებს
ბურჟედ და მოლჲერად
მოედო ხოლერა.
და თეთრი ეტლები
მიჰქრიან.
სკდებიან კედლები.
მე მიფიქრია:
ამნაირ დღეებზე ჩუმად და
ცბიერად.
ცხედრები, ცხედრები...
ხოლერა, ხოლერა.
და როგორც მხედრები,
როგორც ცა-იერად,
მეწყერად, სამუმად
გვედება ეს ჭირი.
მზე ჩავა, ამოვა,
ყოველთვის შავია!
ნიავიც სავსეა
ხოლერით!
წინ მიაქვთ კუბო,
ქალაქი ფითრდება...
მან შეამჩნია,
რომ ბერდება,
ძლიერ ბერდება:
იქ ყველამ იცის,
რომ დღეს თუ ხვალ
შეუერთდება მქროლავობას
და
შეჩერდება.
მეზობელს, რომელსაც
თითი არ სტკენია -
მთავრობამ ზედ კარზე
კირი მიუყარა!
და შემდეგ (ჯანმრთელი)
გაგზავნა... იმ ეტლით!
ამაოდ ტანჯული
უცხადებს ექიმებს:
- "მე ავად
არა ვარ!"
ვინ მოვა მსაჯულად?
არავინ!
მზე ჩავა, ამოვა,
ყოველთვის შავია!
ნიავიც სავსეა
ხოლერით!
მთვარესაც ედება
ბაცილა!
ხეებიც ხმებიან!
სახლებზე ფარდები
არ შეირხევიან.
და ერთ დღეს...
ხოლერა...
ის...
მთვარესაც ედება
ბაცილა!

ფანჯრებზე ფარდები
არ შეირხევა.
გადადგამს ერთ ნაბიჯს
სრულიად ცოცხალი
და
უცებ ეცემა.
ოპერაში
მე ვხედავ, გადასძვრათ
მსმენელებს ტყავები
თავების სარქველიდან.
(ეს ხდება უეცრად).
დადიან ჩონჩხები:
ხოლერა, ხოლერა!
ქალაქს დაღუპვა ელის!
ამაოდ გული
აევსება წინათგრძნობებით,
დადგება სიჩუმე:
დაღუპვა ელის:
შავი აჩრდილი
სწუხს:
დაღუპვა ელის!
ტკივილებით გამწარებული
ღრღნის მიწას...
ეძახის...
ვინ ისმენს?
არავინ, არავინ:
ის იღუპება!
რაა ყორნის ხმა?
რას ნიშნავს ვაზა გატეხილი?

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი