შორი ხმა ლოკომოტივის

მოკლე, შორი ხმა
ლოკომოტივის,
გაიჭრა ღამის
სიწყვდიადეში.
შორს იწია-რა,
სივრცეში ჩივის
უცებ მომწყვდევას
უცნობ ბადეში.

ამაოდ ეძებს
ღამეს დაწრეტილს,
ახლოს, მშობლიურს,
არა გარეწარს!
ისევ დუმილი
სვამს მრავალწერტილს,
და მიაფენს კვამლს,
როგორც შავ ზეწარს.

მოკლე, შორი ხმა
ლოკომოტივის
მიჩუმდა. ღამე
აწვდილა ცამდის.
მიჩუმდა, მაგრამ
დუმილში ღვივის
მოახლოვება
დიდ განთიადის!

დანგრეულია
ხიდი, რკინისგზა,
ბნელ სადგურიდან
კვლავ ჭოტი ჰკივის,
დუმილში ღვივის,
დუმილში ღვივის
მოკლე, შორი ხმა
ლოკომოტივის.
კომენტარები (0)