ცხრაას თვრამეტი

იგი მწუხარე მახსოვს არია,
რომელმაც სულში, როგორც ჭიანურს,
საწამლავები გადაარია
წვალებას არაადამიანურს.
ოცნება დროის უსაბუროსი
მოგონებისთვის მაინც ურგია,
მაგრამ უეცრად მოდის ბურუსი
და შორს, ძლიერ შორს, პეტერბურგია!
ოჰ, მეპატიოს, გული - ყინული!
თეთრად სპეტაკი - მარად შავია,
წმინდა ქართული და რუტინული
აზრისთვის იგი დამნაშავეა!
და მარად უნდა წამიღოს ჟინმა
და გულმოკლული ვიგრძნობ ციერებს,
ოდეს შემთხვევით ახსენებს ვინმე
ჩემთან იმ დღეებს, უბედნიერესს.
მახსოვს: ნეჟინი!..
იქ მარტოობა და სინანული.
დაგვესხნენ ღამით მოთარეშენი
და ომი ატყდა პარტიზანული.
შემდეგ უდაბნოს ყვავილთა მზოგარ
თვალით მძებნელი და მარებელი,
ვუდარაჯებდით თუ ქარში როგორ
ასცდა ლიანდაგს მატარებელი.
სასტიკი იყო ჩემი დემონი,
არ ითვისებდა ჩვეულ გალობას,
ანგელოსები უედემონი
ტიროდენ გზათა მოუვალობას:
რად აირჩიე! რად აირჩიე!
რად აირჩიე ტყე და გრიგალი,
ეკლიანი გზა რად აირჩიე,
ახალგაზრდობა რად მოიკალი?!
წინ მკვლელობები გვეშალა ზოლად,
ვამბობდი: წყევლა ეხლა იწყება,
თავდავიწყება გვწყუროდა მხოლოდ
და არსად იყო თავდავიწყება.
და მიგვაფრენდა, ლოცვათ მაგიერ,
ფრთიან ქიმერათ გვიანი ჯარი,
ოჰ, ვერასოდეს გვერდს ვერ აგიარ
მე, უდროობის იანიჩარი.
არ გასვენებდა ახალი დარდი
და თრთოლვარებდენ შენი ბაგენი,
რომ დაგეფარა ლურჯი შტანდარტი,
რომ აგვემართა სხვა კარააგენი.
კვლავ მოგონება, წამზე უმალი,
გაფითრებული ფერით მფერები,
გასაოცარი და იდუმალი
ვიდოდენ მძიმე კრეისერები.
გრძნობით რეკავდა ყოველი წუთი,
გემზე ისმოდა მკაცრი ბრძანება,
ედევნებოდა სალБუტს სალБუტი
და ესკადრები მიექანება.
აჰა, ნაპირიც! ჩვენი ნაპირი,
იგი მშობლიურ თიბათვეს ჰგავდა,
სილაზე იყო გზა პირდაპირი,
სილაში უხმოდ ჩაწოლილ ნავთან.
აღმოსავლეთის ქარი დაჰქროდა -
მიმოგონება, ზარი, თითბერი,
სახეს სითეთრე თოვლის დაჰყროდა,
სულს - ბურუსები ირისისფერი.
და იალქნების გროვა მრავალი
ეშურებოდა ქვეყანას - ზმანეთს,
იქ, სადაც ზღვა და ცის დასავალი
სიტყვის უთქმელად გრძნობენ ერთმანეთს.
მივდივართ ისევ... შემოგვხვდა ზიზღი,
ვიგრძენით სული აღსავსე სუსხით.
მან მწუხარებით გვითხრა: - დამისხი:
ჩვენ უძველესი ღვინო დავუსხით.
მან მწუხარებით წარმოსთქვა: - მცივა.
მე მოვიხადე ჩემი ნაბადი.
და ნაბადის ქვეშ ელავდა ცივად
თვალები - ცეცხლის ორი აბედი.
- მე იმერეთში წავალ, თქვენ საით?
- მეც იმერეთში, ჩემო ბატონო.
შევყევით გზაში ცბიერ მუსაიფს.
შენ თვლემდი, ცაო, უკაბადონო.
გამოგვეგება მუნჯი მსახური,
ისევ ატმები, შინდები, ქვიშნა,
სახლს გადაცლოდა გადასახური
და დასავლეთი შორით გვენიშნა.
გამოგვეგება ძაღლი ბებერი,
გვიცნო და უცებ შესწყვიტა ყეფა.
წვიმა... მდინარე... თვე ნოემბერი.
ვთქვით: მწუხარება ეხლა იწყება.
მოგვესმა ძველი: გაჩუმდი, მურა!
ჩამავალმა მზემ მთები მიმალა.
ეზოდან ქალი გამოეშურა,
შეგვხედა, გვიცნო და მიიმალა.
არ მოგვესმოდა სახლიდან მოთქმა,
მაგრამ საოცრად ტიროდა სახლი.
ეზოში სამჯერ იკივლა ჭოტმა,
ზარით აზუვლდა ბებერი ძაღლი.
მაშინ საზარლად ატირდა მუნჯი,
ჩვენი ყრუ, ჩვენი მუნჯი სატანა,
თითქო სადღაცა გაქრა საუნჯე
და შეღამებამ ითანდათანა.
ეხლა რაღა ვქნა? ცეცხლთა რიდება
არ გენატრება დიდს და ხელოვანს
და არ გიშუქებს შორი დიდება
მყუდრო სიბერის გზას სახელოვანს.
ქარნი არ ჰქრიან. თრთიან ხეები.
გათენებულ ცას რთავენ ლავრები
და მაგონდება მწარე დღეები -
ჩემთა ხეტიალთ თანამგზავრები.
მე გეთხოვები... ძველად, გსმენია,
რომ სხვანაირად იგრძნობენ ალებს.
ასე სიკვდილი ელის გენიას,
სასახლეები კი... ნაძირალებს.
კომენტარები (0)