ძია, ვის ეძებთ


ციკლიდან „პაციფიზმი“

კვლავ მას უცქერენ გულცივად
ქუჩის თვალები დიდრონი,
აქედან, თითქმის ლუვრამდე
გაწვდილან საკანდიტრონი.
დადგება. გარს იცქირება
და ესმის გაუბედავი
ბავში რომ შეეკითხება:
- ძია, ვის ეძებ, ნეტავი?
მან იცის - ვის ეძებს?
გზაზე ღვარებია,
ქუჩას პაციფიზმი
გადაფარებია,
იმის ცრემლების ღვრას
ინდივიდუალურს,
თითქო არასოდეს
მზე არ ყვარებია.
ეზოში აპობენ შეშას,
ქარი უმატებს ხვნეშას,
ჰყვირის მეძველე სველი:
„ტანისამოსი ძველი“.
ქუჩა უდაბნოს აგავს,
ხვეტს ტალახსა და ნაგავს
მეეზოვეთა ცოცხი.
ასეთი სიცოცხლე,
სიცოცხლეა განა?
გათენებიდან თანაც
მონოტონური დამა
იღებს და იღებს გამმას
მოჰკლა, წაიღო ტვინი,
თითქო მისი სჭირს ჟინი.
რა საშინელი დღეა,
რა საშინელი სპლინი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი