ჭიანურები
მიდის ოპერა „ლაკმე“, ბუტაფორიის შეხლა! განა ეს არის საქმე? მე სულ სხვას ვფიქრობ ეხლა: მწარე ფიქრებში გართულს მესმის სიცილი მთვრალი; სადმე მეხუთე სართულს მთვარე უღიმის მკრთალი. ოჰ! როგორ მღუპავს გრძნობა - ძველი, მოსისხლე მტერი! მჯერა მე შენი ძმობა, შენი შეშლილი ფერი. განა მეხუთე სართულს, განა მეათე მთვარეს, უხმო, მჭვარტლიან სანთელს გადავალევდი თვალებს? მგზავრი, მწუხარე ხმობა: „მცივა! მომეცით ჭერი!“ ოჰ! როგორ მღუპავს გრძნობა - ჩემი მოსისხლე მტერი! ხშირად ვიგონებ ვერლენს, როგორც დაღუპულ მამას, დაღვრის შეშლილი ცრემლებს, მოგონებათა გამმას. ხშირად ვიგონებ პარიზს... ნახე იგი და დაგმე! ნისლის, სულის და ქარის - ლაკმე, სადა ხარ, ლაკმე!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი