ჭოტი

მოკლე და მსხვილი ტანი მძინარ ბაღს დაჰყურებდა.
არ ირხეოდა თავი მძიმე და დაბურდული.
ჩამოშვებული ჰქონდა თმები ვიწრო ყურებთან.
ნისკარტი ჰქონდა მოღუნული, როგორც შურდული.
თვალები იდგა ყვითელი და უზარმაზარი.
ფრთებში უყელოდ ჩამჯდარ სახეს ეფინა ჩრდილით.
ბანჯგვლიან ფეხებს ბასრი ბრჭყალი ეკრა საზარი.
ის ტყეებიდან ჩემს ფანჯარას მოაწყდა დილით.
დღის სინათლეზე გამოსული ღამეთა ჭოტი!
მას ეშინია სინათლის და მაინც გამოდის!
ცივი კივილი ისმის მისი, ვით ყალბი შფოთი,
ცრუმორწმუნეებს რომ აშინებს დღით საღამომდის.
დედამიწაზე უხერხულად გრძნობს თავის ყოფას,
იგი ვერაფერს ვერ მიმხვდარა, მაინც ავია.
და გულმოსული, ტანჯვით იტანს შეურაცხყოფას,
სისხლის მსმელია, მაგრამ მაინც საცოდავია.
უყვარდა ბნელი მღვიმეები და ხის ფუტურო,
ყორნების მიერ მიტოვებულ საბუდარებით,
თავს ფრინველები რომ ესხმიან, სასაყვედურო
იმათზე რა აქვს ან რისხვითა ან მუდარებით.
კომენტარები (0)