ხალხი ირევა, ხალხი ფუსფუსებს

ხალხი ირევა, ხალხი ფუსფუსებს.
დაღონებული მივდივარ ბრბოში,
ღრუბელთა შორის ისე წევს მთვარე,
როგორც ცხედარი ვერცხლის კუბოში.
და კაცთა ქუხილს ეხმაურება
მიბნელებული ღამის სიცილი,
ღამის სიცილი დასცურავს ქვეყნად
ათეთრებული და მოვერცხლილი.
მგონია, თითქო, ბრბოდან გამოვა
ლამაზი ქალი ცისფერ-თვალება,
მე დამიძახებს და მომაბრუნებს,
რომ ვუთხრა სულის ქენჯნა-წვალება;
მწარე სიტყვებით ვუმღერებ მე მას
საუკუნეთგან შექმნილ სიმღერებს,
სხივნართ გვირგვინებს თავზე დავადგამ,
ვინც გულს მომიკლავს ან ამიძგერებს...
ვეტყვი - რომ ყველა მომბეზრდა ქვეყნად,
რომ დავიღალე მე ამ კუბოში.
რომ მას ველოდი და მუდამ ასე
დაღონებული ვვიდოდი ბრბოში.
კომენტარები (0)