ხალხური მოტივებიდან

შენი თვალები - მაღლები -
სამხრეთის ზღვების ფერია,
კბილები - თეთრი ძაღლები -
მიღრენენ, არაფერია.

მოგონებებში წასული
შენს ბაგეს დავეხარბები,
ოცნების ორი ასული -
გადაწოლილან წარბები.

გადაუთიბავთ თივები,
რომ გითხრა - დამემდურები!
გულაღმა წევან ტივები
და მთები უდაბურები.

მთვარეს ჩვენი ხმა გაეგო,
თითქო შუქ-აკანკალებით,
ჩვენს აივანზე დაეგო
რჩეული ოქროს ხალები.