ხმოვანი კინო

საღამო წყნარი. უღრუბლო სახეთ
ახალი ღვინო.
ოცდაათი წლის წინად რომ ვნახეთ
პირველი კინო.

ზღვა ხმაურობდა. ეს იყო ქვიშის
ხმოვანი ჯადო.
მონტევიდეო, ლურჯი პარიზი
და კოლორადო.

მას შემდეგ ხანა ორად გაიყო -
გული ამ გულში.
(ეს ოცდაათი წლის წინად იყო,
და არა გუშინ).

არ გაიარა მას შემდეგ ჯადომ
ხანა წუხილის.
ისევ ის განგი და კოლორადო
ვნახე წუხელის.

და ფრანგულის წილ (გზა უისროთა)
როგორც სინანულს -
ხმოვანი ფილმი სიტყვებს ისროდა
ამერიკანულს.

გაჰქრა მსუბუქი შრიალი ქვიშის
ალ-მოფერადო...
მონტევიდეო. ლურჯი პარიზი
და კოლორადო.