ჰანრი ბარბიუსი კონგრესზე
ბრწყინავს დარბაზი, სინათლე ნაზი, როგორც ნანატრი რამ ფეერია, - იატაკიდან ჭერს შეერია და ელვარების მისცა სიახლე. როგორც სიზმარი რამე ნანატრი გადაეხვევა ათასფერ მინას, ასე დიადი სასახლე ბრწყინავს, შეთანხმებისა ბრწყინავს სასახლე. რა მორიდება და დიდი ხათრი, რა სიყვარული ხალხის სწერია გამოძახილში: მშვენიერია ბარბიუსის სიტყვა, მისი - მეტადრე. ამ გამოძახილს იმ მომენტს ვადრი, როდესაც ცეცხლი ადუღებს რკინას; დიდ იდეებით თეატრი ბრწყინავს, გამარჯვებული ბრწყინავს თეატრი. პრეზიდიუმში ჩემს გვერდით წყნარი და მოღიმარი ზის ბარბიუსი; მას აქვს ღიმილი დაუვიწყარი - თვალებშიც ნაზი, ლურჯი ბურუსი. პარიზთან მჭიდროდ გადაზრდილია ბარიკადები წითლად ნაბანი, ეს პერ-ლაშეზი, ეს ბასტილია, ზარბაზნების ხმა და ბარაბანი. გარეთ კი მტერი დადის იოლად, სადაც პალმების მწვანე ქაფია, მას უნდა არა კარმანიოლა, არამედ დუჩეს ბიოგრაფია. სახალხო ფრონტს და ინტერნაციონალს სურს ხალხში მკვიდრად გაიდგას ფესვი, მის ბრწყინვალე და მზიურ მომავალს ეხმაურება ჩვენი კონგრესი. ამაოდ კი მტერს სურს დაარბიოს, ის სიცოცხლესთან თამაშს ვერ იგებს - არა ერთს და ორს ჰანრი ბარბიუსს დაუკავშირებს მებრძოლთა რიგებს. ამაოდ სიკვდილს სურს დასცეს გმირი და ამოგლიჯოს საგულეს გული, თვით დაეცემა გულგანაგმირი, სიცოცხლის ცეცხლით შემობუგული. ახალი გზისთვის ჩვენ მიგვიგნია - მსოფლიო ცეცხლით, მსოფლიო ცეცხლით წიგნით სტალინზე! ეს ის წიგნია, სად დინამიტი ელავს ნაკვერცხლით.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი