მიდიხარ


მიდიხარ, ისე მიგაქვს წვალება,
თითქოს ზღვის პირას თივას თიბავდე,
ვინა სთქვა შენი გარდაცვალება,
არა, უთუოდ დღეს დაიბადე.

მიდიხარ, აღარ დაგემდურება,
არც მიწიერი არც ზეციერი,
ვინა სთქვა შენი უბედურება,
არა, დღესა ხარ შენ ბედნიერი.

მიდიხარ, ტკბილი გქონდეს მგზავრობა,
სხვა ბინა მარად იყო ზღაპარი,
ვინა სთქვა შენი მიუსაფრობა,
არა, შენ ჰპოვე თავშესაფარი.

მიდიხარ, შენს ბედს ბევრი ინატრებს –
ბედნიერს, ბედი სხვა არსად არი,
შენ სივრცეებმა დაგაბინადრეს,
შენ უკვდავების ხარ ბინადარი.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი