ერთხელ საღამოთი
ბათუმის მზე ჩასავალად ენთო, მშვიდი ქარი ხმაურობდა ზღვაზე. ცხოვრებისგან დაღალული „დენდი” გემს უცდიდა და მიამბო ასე:მახსოვს ქალი, ვერონიკა, ლაღი, ორკესტრით და ხალხით ფეთქდა ბაღი, ვერონიკას მოსწყენოდა შუბლი, ვერონიკას შუბლზე აჩნდა ზრახვა; ჩამოსულთა მარტოობის ღრუბლი, არც შეხვედრა, არც ნაცნობის ნახვა. მეგობრებში მე ყველაზე ადრე ფიქრში მყოფ ქალს ახალგაზრდამ მკრთალი სალამი და თაიგული ვკადრე და ვიგრძენი მშვენიერი ქალი. რა წრის იყო – იკითხავდა ვინა? ვადარებდი ვერონეზეს ნახატს, – სადმე ძვირფასს გადავკრავდი ღვინოს, თუ ხელგაშლით ვთამაშობდით ქაღალდს. შემდეგ მოხდა… პეტროგრადის ხანა: ახლობელი აქ არავინ მყავდა, მოწყენილი, მღვრიე ყავახანა ჩემს უმიზნო მარტოობას ჰგავდა. გამოვედი გზად ბურანში მყოფი, ნევას ედგა შენისლების ბუნდი. ერთ ქალს მხარზე გადაედო თოფი და გარს ერტყა მეგობრების გუნდი. ვერონიკა! ვერონიკა! დადგა. აჰ, საით სად! იგი გასცდა ხიდეს, რა თქმა უნდა, ვერ შემიცნო, რადგან კლასი კლასის წინააღმდეგ მიდის. მე კი ვიდექ წყალთან საღამომდე, სადაც მღვრიე დამდგარიყო ღვარი, „უცხო ქვეყნად მარტოობას გრძნობდე, ნეტარება არის რაღაცგვარი”. გავცქეროდი კაფეებს და კინოს, მივყვებოდი მოგონებათ ნაკადს, როცა ძვირფასს გადავკრავდი ღვინოს და ხელგაშლით ვთამაშობდი ქაღალდს. მეორე დღეს ისევ შემხვდა იგი და მომესმა საუბარი მისი: „საქართველო ეს ზღაპრული მზეა, უკეთესის ბედისაა ღირსი. ამ მხარეზე უფრო მეტი ვიცი, იგი უფრო შეიქმნება მშვენი! როცა ძალა და უფლება მტკიცე დამყარდება იმ მხარეში ჩვენი. ერთხელ გრძნობა მარტოობის მდევდა, ასე მოხდა – კაცია თუ ბედი, სალამი და ყვავილების კონა არავისი მახსოვს, ერთის მეტი! ის დღე, როგორც ახალგაზრდა მუხა, საუცხოო, ფრიალოზე ნარგი, ის დღე ჩემთვის ყველაფერი იყო, ყოველ დღეზე უჩვეულოდ კარგი!” „ვერონიკა” – მსურდა მეთქვა მაშინ, მაგრამ გრძნობამ შემაჩერა რაღაც, ჩვენ ხომ… ძვირფასს გადავკრავდით ღვინოს და ხელგაშლით ვთამაშობდით ქაღალდს. კლასი კლასის წინააღმდეგ! მკვეთრი ხმით დაიძრა მესამე დღე რუხი, რა თქმა უნდა, მე ვიყავი თეთრი, როს თოფების ატყდა ჭახაჭუხი… ვერონიკა მე ვიცანი გვიან, რომ იჭექა და ამღვრეულ ბოლში მკერდში, გულთან გამიარა ტყვიამ და დავეცი, სისხლიანი, თოვლში. „ვერონიკა!” – დავიძახე მაშინ და გაფითრდა ქალის თვალთა ცქერა, რაღაცასი გახსენება მსურდა და, ვერასგზით… და ვერა და ვერა. ან კი როგორ? სხვა სახელიც ერქვა ვერონიკას, ხელთ თოფი რომ ეპყრა. ქარხანაში უწოდებდნენ თურმე: გაბედული კალუგელი ვერკა. ან კი როგორ? რომანტიულ სახეს და ლამაზ ხელს შრომა აჩნდა დაღად. ჩვენ კი… ძვირფასს გადავკრავდით ღვინოს და ხელგაშლით ვთამაშობდით ქაღალდს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი