გელა დაიაურის სადარდელი


ჰო, ჩემო ზეზვავ!
დაიცალა ჩვენი არხოტი,
მთიელი თუ ხარ,
ვაჟკაცურად მთაში წამოდი...
ჰო, ჩემო სულხან,
დღეს სჭირდება ხახმატს პატრონი,
კაცური კაცი,
მტყუან-მართლის მისხლით ამწონი.
ჰო, ჩემო ბერდო,
მიმხედავი სჭირდება მუცოს,
კაი დამხვდური
სტუმრად მოსულ ნაცნობს და უცნობს.
ჩვენ კი თბილისში
აქაობის დავკარგეთ გემო,
ბარისახოს და
ჭანჭახოვნებს შორიდან ვჩემობთ.
მოდით, მივხედოთ
ჯერ არდაშლილ შატილს, ანანურს,
ამ უგულობას
ნუ გავიხდით, ძმებო, სანანურს...
თორემ შვილები
ხვალ სიმშვიდეს არ შეგვარჩენენ,
ჰეი, ხევსურნო,
აქ ამოდით, საქმე მაჩვენეთ!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი