ნეტავ აქ იყო
ნეტავ აქ იყო, - მარტის თვეში ნახავდი მუცოს, პოეტი სალამს მოგიძღვნიდა, - გულანთებული, თავს დაგიხრიდნენ ქარაფები ლამაზს და უცნობს, მხრებს შეარხევდა თორღვას ციხე - გაღმერთებული. ნეტავ აქ იყო, _ იის მოსვლას ვუდარაჯებდი, დავთვლიდი დღეებს თბილს, უსაზღვროს და უთარიღოს, მიწას გავხლეჩდი ანთებული მზერით - ხანჯლებით, აჩქარდებოდა გაზაფხულიც, შენ რომ აქ იყო. ნეტავ აქ იყო, - დღეს ეს არის ჩემთვის მთავარი და რომ იცოდე, ამ გულს როგორ გაახარებდი... ენძელასავით გატარებდი ხელში აყვანილს ასე, სათუთად მთებს და ველებს დაგატარებდი. ნეტავ აქ იყო, - ენძელებით დაგამშვენებდი, კრძალივით გესროდი მარტის თოვლის ცრემლიან გუნდას ტრფობით დაქანცულს შურთხის ხმაზე დაგაძინებდი ვუდარაჯებდი ყაჩაღივით შენს ცბიერ სუნთქვას. დაბინდდებოდა და მოგხვევდა მთვარე შავ მკლავებს ნიავი წყურვილს მოიკლავდა ბაგით მალ - მალე, თავს მოიკლავდა ქარაფებში, შურით ვარსკვლავი, მთვარე ალერსით დაგაფენდა ოქროს დალალებს. ვეღარ გავძლებდი და ტუჩებზე დაგაკვდებოდი, გაიღვიძებდი გულუბრყვილო თვალთა ციმციმით, - შემაშინეო, - სასაცილოდ ატირდებოდი და შენს ცრემლებზე მოკვდებოდა მთვარე სიცილით.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი