ჩემი დის, თაიას ხსოვნას
1 კვლავ ცოცხალი ხარ, მგონია, გელი, უშენოდ ვწუხდები. თურმე რა მოკლე გქონია, დაო, სიცოცხლის წუთები. ცხრა წელსა სტკეპნე გზა _ ვიწრო, უმანკო, ნორჩმა იამა. ვაი, რაღა შენ მოგისწრო, ავად ნასროლმა ტყვიამა. ტყვიას თან მოჰყვა სიკვდილი, ცრემლები, თვალის სისველე. ცას შესწვდა შენი კივილი, _ `ვაი, მამიკო, მიშველე!~ სიკვდილთან დარჩი ეული, ვეღარც რომ მამამ გიშველა და ეგ უმანკო სხეული, მყის სისხლმა ჩამოგისველა. რომ ვერ გიშველა ვერც მამამ, სიკვდილს მარტომ ვერ დაძლიე, ვერ მოგისწარით დედამ, ძმამ, სული დის ხელში დალიე გზა სამოთხისა დაიწყო, ჩვენ კი გლოვაც ვერ გვიშველის. ალალი იყოს, დაიკო, შენთვის, დაღვრილი ძმის ცრემლი. წარწერა თაიას წყაროზე 2 თაი, გულები გვიკვდება, გვახრჩობს დარდი და ცრემლები, რომ წყლული არ მოგირჩება, რომ ვეღარ მოგეშველებით. ღმერთმა სიწმინდე გაკურთხოს, გასვას სამოთხის ფიალა, დაე, ამ წყარომ განკურნოს ეგ ნატყვიარი იარა. 3 მახსენდები და მათოვს ტკივილი შენი სიკვდილი არა, არ მჯერა, კვლავ თვალწინ მიდგას შენი სიცილი, სიკეთით სავსე, გულთბილი მზერა. შენ მძიმე შრომა დაგქონდა მხოლოდ და ცხოვრებაში ვერ გაიხარე, ბოლოს ბრმა ტყვიამ მოგიღო ბოლო, სიკვდილის წუთიც შენ შეგხვდა მწარე. ვქარგავ სტრიქონებს, მახრჩობს ცრემლები, ნუთუ ვერასდროს ვერ გნახავ, დაო, დარდით და ბოღმით განახელები, დავფიქრდები და ფიქრებთან ვდაობ. ასეთი გლოვა ჯერ არ შობილა, გულში არ დარჩა ლხენის ალაგი. ხომ არ ჯობს, კაცი იყოს ობოლი, არც და _ ძმა ჰყავდეს, არც ამხანაგი. 4 ტყვიამ თქვა, არ მოერიდა, ამბავი გასაოცარი, რომ თურმე ამიერიდან დაო, აღარ ხარ ცოცხალი. დისა და დედის ქვითინმა, მითხრა, _ განგება არის ცის, რომ ავკაცმა და სიკვდილმა, ავი და კარგი არ იცის. შენს ღიმილს ვეღარ ვპოულობ, მივხვდი, კარგად რომ დავფიქრდი, რომ დაო, ტყვიით მოკლულო, მოსაგონებლად გამიხდი. ქვამ საფლავისამ, ეს თავად, მითხრა ახალი ამბავი, რომ კიდევ ერთ სალოცავად გამიჩნდა შენი საფლავი. 5 დაო, ტანჯულო, ბავშვობაც კი რომ არ გინახავს, რაღა შენ გპოვა სასიკვდილემ, ტყვიამ წყეულმა. დედის და დების ტანსაცმელის ფერი თალხია, მამის და ძმების თვალში სევდა ჩამორხეულა. ნუ გეშინია, მანდა გყვანან, არ მოსწყინდები, სულების ღმერთი სამოთხეში ლოგინს გაგიშლის, აქ უფროსი დაც ახლოს გიწევს, ერთად იქნებით, პაპა და ბებო მოგივლიან თავის შვილიშვილს. მე რა ვქნა, როცა უშენობა უღვთოდ მაოსებს, მახსენდები და ბოროტ სიკვდილს პირში ვაფურთხებ, ყოფით დაღლილი ამოვდივარ სასაფლაოზე და თვალებიდან დაცურდება ცრემლები მწუთხე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი