ძვირფასო ხევსურზე აუგი არა თქვა


ძვირფასო ხევსურზე აუგი არა თქვა,
თორემა სტრიქონთა დასით,
ყივჩაღი ყაჩაღი დაგხვდები არაგვთან,
ნისლივით დაგკარგავ მთაში.
თორღვაის ციხესთან მარჯვენის იმედად,
ვიქნები რად მინდა რაში.
მკრთალ სხივებს მთვარისას აგიგებ კიბედა
და ისე წაგიყვან ვაჟი.
წაგიყვან სხვანაირ სილაღეს გაჩვენებ,
სხვა ჩეროს, სხვა მზეს და გრილოს.
არც ეგრე ცუდი ვარ, თუ კი შენც გაუგებ
ამ ჩემ გულს დატანჯულს ტკბილო.
დალალებს დაფერავ მნათობის ალითა,
რაყიფად მომირეკ ჯიხვებს.
დობილად შუნ-ჯიხვი მოგივა კრძალვითა,
ძმობილად თორღვაის ციხე.
მუსიკად მოისმენ ჩანჩქერის ჩხრიალსა,
თუ გინდა შურთხის ხმას არჩევ.
საჩუქრად მოგიტან ბროლსა და იასა
და ქისტის მოკვეთილ მარჯვენს.
სტუმრად კი ნისლი და ნიავი გვექნება
და ქუში კოშკების რიგი.
ხან ბარსაც ვიხილავ და ისიც ნებნება
მომხიბლავს ათასი ხრიკით.
მერე კი სილაღე გაქრება ლურჯასი,
თმებში რომ იფეთქებს თოვლი,
შენ მაინც ამაყად გაივლი ქუჩაში
ხევსური პოეტის ცოლი!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი