მამა წამიყვანს ტყეში ..


(ციკლიდან „ნიცას ლექსები“)

მამა წამიყვანს ტყეში,
გზა-გზა ვაგროვებ იებს,
მერე ვაჩუქებ დედას
და ისიც მაპატიებს
დასვრილ კალთას და ხელებს,
ეკლით დაკაწრულ თითებს.
ყველა წყაროს და ღელეს,
ბუჩქებს და მთების კიდეს-
შემომატარებს მამა.
მე არ ვიღლები,არა!
მიყვება მწვანე მინდორს
ჩვენი მეზობლის ფარა.
უცებ გავქრები...ყვირის
მამიკო:
-სად ხარ,გოგო?
-სოკოზე.
-რა დროს,აბა?
ახლა რა უნდა სოკოს?!.
წავიდეთ, უკვე დროა,
დედა მოგელის,ნიცა.
-დამპირდი,ისევ მოვალთ?
-გპირდები,შენ თავს ვფიცავ.

გამოვიარეთ ლიპი,
ვეშვებით გორზე ,,ურით".
კარი გამიღეთ: ,,პი-პი",
სავსე ვარ სიხარულით!

წყარო: urakparaki.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი