ზედვაკელები
/ათოვს კვაშხიეთს, შქმერს, მრავალძალს, სამშობლო მხარეს, და რჩება რვა თვით სახლი ჩვენი თოვლებს და ქარებს/ მ.ლებანიძე ... -დეიძინე, შე საწყალო, წამოწევი ცოტა ხანს, ბოშო, რაფერ აგერია ბინდში დილა? ცოდვა ხარ! მთელი ღამე შეშა წვაო,ქოთქოთებდა ბებია. გრძელი ღამე ბუხრის ალთან თეთრად უთენებია ბაბუაჩემს, არევია შუაღამე აისში. იმნაირი გათენება იცის ჩვენთან მაისში. პირველს უნდა გაეხვია დილით მყრალი თუთუნი, ავადმყოფი ხარის გამო იყო გულდათუთქული. ............................................................................ აღარ არის ჩემი ბაბუ, აღარც ჩემი წიქარა, აღარც ძუსის პირას თრობა, არც ბავშვური მიქარვა. მეთერთმეტე სართულიდან: ქუჩა ისე ყაყანებს, ვინატრებდი საძინებლად იაგორას ნაყანებს. მთელი ჩემი სიყრმე წუხელ ერთ დიდ სიზმრად წაება, ნეტავ ვინმე თუღა ამყნობს გაზაფხულზე მწარე ბალს? თუ გადმოდის ბუზარებში წყალგაღმელი ბოლოლო, აღარც ვიცი ეს ნაწერი რაფერ დავაბოლოვო: მენატრება ჩემი კერა, ძუსა მარტში მქუხარი, ჩემი სიყრმის საქანელა, ჭვარტლიანი ბუხარი. მაგონდება ჩემი ბაბუს მეგობარი იროდა. როცა ბაბუ აღარ იყო, ბავშვივით რომ ტიროდა. ხალხი კვდება, ძუსა მორბის, ფერს იცვლიან ველები. და რჩებიან ჩემს ხსოვნაში დიდი ზედვაკელები!
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი