ვინც მე მიყვარდა, ხარ შენ!


ვინც მე მიყვარდა, ხარ შენ!
ვინც ახლა მიყვარს – ის ხარ!
და როცა შევალთ ხანში,
მოგითხრობ მისხალ–მისხალ:
რომ მე მიყვარდა ეზო,
გაურჩებული ჟამი,
უმისამართო გეზი,
ღვინო და კაეშანი.
რომ დროს არ ჰქონდა კვალი
და ძრწოდა აქეთ–იქით,
ახლა შენ მყავხარ, ამინ!
ახლა შენ მყავხარ – ფიქრი!
ვინც მე მიყვარდა, ხარ შენ!
პირველად...
მერვედ...
მეცხრედ...
ხელებით მოგწვდი ცაში
და გამოგტაცე მერცხლებს.
ვიცხოვრებთ კიდე რამდენს?
ას წელს, გამოწი–გაწი.
ის "შენ" შენ უნდა გგავდეს,
ვინც მეყვარება აწი!

წყარო: urakparaki.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი