მარტო შენ (მიმის)
ძალიან ძნელად ვეგუები ზაფხულის სიცხეს, ძალიან ძნელად ვეგუები სუსხიან ზამთარს. ძალიან ძნელად მიჯერებენ,თუ სადმე მიცნეს, ძალიან ძნელად ვიზიარებ ვიღაცის ნათქვამს. და მერე ვხედავ, ასეთია საერთო ფონი, იტყვიან ჩემზე ... რა უნდა თქვან? ან რატომ? -რავი... ერთი ქუჩაა საქართველო და მიკროფონი, ყვირილი! ბევრგან დაკეტილი ღმერთისკენ კარი. მარტო შენ, მარტო თუ გაიგებ ამ ცრემლის სისქეს, მარტო შენ (როცა აივანზე ბეღურებს ვაჭმევ) არ გგონია, რომ გაყვე პოეტს -ეს არის რისკი, გზატკეცილიდან გადახრილი ხრამისკენ საჭე. მარტო შენ, მიმი, არ გგონია, რომ მე ვარ ცაში, ქარონის ნავით ვმერყეობ და ღრუბლებში ვცურავ, მე ვათბობ ფიქრში ჯერარშობილ ჩვენ ლამაზ ბავშვებს, მე უკვე ვზრუნავ,ანუ აზრი, რომ ყველა ცრუა- მცდარია, როცა პოეტებზე მიდგება რიგი, ტვირთია როცა პოეტი ხარ და მერე კაცი, ყველამ კისერი მოიტეხა,როცა შენ მიგებ, როცა დასახრჩობ ფხას ვყლაპავ და პირიდან მაცლი. მარტო შენ..მარტო შეგიძლია მაჩვენო გზები, რომელზეც ასეეე-პირდაპირ და ბოლომდე ვივლი... ნაპირად ზოლი:მუხა,ნაძვი და მწვანე ბზები, და თოვლზე თითით მოხაზული სახელი : "მ ი მ ი" .
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი