ქალაქის ზერელე ცხოვრების გერი ვარ


ქალაქის ზერელე ცხოვრების გერი ვარ,
მეველე ვიყავი სოფელში და დილის
ექვსს აკლდა წუთები, ვანთებდი კერიას,
მზის პირველ კბილამდე -ყანაში!
სადილი
მოქონდა ბებიას-ქოთანში ლობიო,
კედლებზე ცვრებისგან მტირალი მათარა.
"-ნაწვიამარია და მიწას ობი აქვს,
ცივია, ბებია, არ დაჯდე მაქანა,
შენ გაზდას".
მეტყოდა ასე და მეც ჯიბრით
ვეხუტებოდი ცივ ბელტებს,არიქა.
ვბიჭობდი,
მიწაზე ვიწექი ბეჭებით,
ჩემი ჭკუაში ჩაჯდომა არ იქნა...
მერე,როდესაც დავტოვე სოფელი,
ყოფილი მეველე ქალაქის უსიერ
ქუჩებში შეცვლილი სახით და პროფილით,
თეთრი პერანგი და ლამის მუსიე,
თამბაქოს ვარჩევდი ოდნავ რბილს,მენთოლით,
ვკარგავდი რითმასაც,რაც უყვართ თბილისში,
დღეს ისე უბრალოდ ვერავინ მენდობით,
როგორც თავს გაცნობდით-ჟორჟიკას შვილიშვილს.

ქალაქის ზერელე ცხოვრების გერი ვარ.

წყარო: urakparaki.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი