იმდენად მომწყურდა მიწაზე დარჩენა..
ისეთი სიცხეა, ვარდები მიჭკნება, თუმცა შენ,საერთოდ,ყვავილებს ვერ იტან. დღეს დამპატიჟეს ღვინოზე ბიჭებმა და როცა გეგონე წასული ხელიდან, მე ვთქვი-რომ ავად ვარ, ძალიან! ვერ დავლევ. და იმ ლექსს,რომელსაც გიწერდი დღის ორის თხუთმეტი წუთიდან,დავარქვი- "შენ და მე" და ასე, როგორც მერცხლებზე ქვის სროლის ფაქტივით, მიკვირდა: საიდან შემეძლო თან გარეთ ომი და ოთახში მშვიდობა? პასუხებს ხანდახან ჩემ თავში მე ვეძებ: კაცი და პოეტი? ერთბაშად ვშლი ნდობას ხალხისას ჩემ მიმართ. და დაე, იფიქრონ, რაც უნდათ იფიქრონ. საღამოს ხომ მნახავ? მე ტყემლის ყვავილით მორთულ და მოფიფქულ ძალიან თბილისურ გარემოს მოვნახავ. და ვისხდეთ იმ ბაღში, დედას რომ შვილი ყავს მუცელზე მიკრული,პატარა კენგურუ, ივნისს რომ აცვია ძალიან შილიფად, ჭადარს რომ ტანი აქვს ძალიან ბებრული, ძაღლი რომ გადარბის, ვეძახი პოინტერს (მდედრია) და უღრენს მამალი პინჩერი, ძალიან ,ძალიან მაგრად რომ მომინდეს, თეთრ ღრუბელს მივწვდები, ამასაც ვიჩემებ. იმდენად მომწყურდა ამ წუთში სიცოცხლე, მგონია მთელი ლექსი თუ ვირბინე. იმდენად მომწყურდა მიწაზე დარჩენა, ბალახი მგონია თავი და ვბიბინებ.
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი