არ მოკვდე, გიო
არ მოკვდე, გიო! ადრეა. ცაზე შენი ჯამბაზი, ნამგალა მთვარე გდია და სიო -მგალობლის ხმაზე- წყლის წისქვილივით ჩამოათავებს ფიქრების ღერღილს. კარდიოგრამა აჩვენებს ხაზებს-გავს ფერდზე ნუკრის თვითგადარჩენის მიზნით არბენას. თოფიანებმა გზა დათმეს თუკი, გადარჩი... მაგრამ ისროლეს მაინც! ნუ გეშინია, არ მოგდის სისხლი! უკვე შენია სიმაგრის კარი, მთის უბეშია სავანე-ნისლი. და შედი,გიო! ოღონდ არ მოკვდე, შედი და სხვებმა იფიქრონ ურევ. შენ მოუსმინე მთებო,სალო კლდევ, ზედვაკის ველო და ციხის ყურევ. ეს ნოტი უკვე არის მაჟორი, ანუ ნევროზის აკორდი ბოლო. აქ შეიძლება იყო კაჟივით და სულის კიბო გტანჯავდეს მხოლოდ. არ მოკვდე, გიო! იქნებ ჭირდები თითზე დასათვლელ ადამის მოდგმას. თუ მაგ სიყვარულს ჩაეჭიდები, ექნება აზრი სიცოცხლეს, ბორგვას, მგლობას! იყმუვლე! გტკივა ხაფანგი? ქუსლიდან სისხლის წვეთები გჟონავს? მერე რა, სიცხით თუ გაითანგე, მაინც შაშვივით უკორტნე ბჟოლას, მაინც აგროვე ბუდისთვის ხავსი, მაინც! არ მოკვდე, არ მოკვდე ,გიო! ლექსები? კარგი! იქნება ასი! მაგრამ ლექსები ვერ გამოდიან თავდებად იმის, რომ მერეც ივლი ამ არეებში,თუ შვილი არ გყავს, თორემ სიკვდილი ეგ დალოცვილი სულ მზადაა და ყოველდღე გამყავს სამასლაათოდ სათიბის ბოლოს, ვერ ვთანხმდებით და ვბრუნდებით უკან. ერთხელაც იტყვი შენს „ ჰაუ ქოროს“ გავარდეს, ჯამში ჩავარდეს ლუკმა. არ მოკვდე,გიო!..
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი